ირაკლი ზარქუა - ნიკა მელია გარეთ თავისუფლად რომ დათარეშობს, სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგია, ეს მის სინდისზე იყოს
ნიკა მელია გარეთ თავისუფლად რომ დათარეშობს, სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგია, რომ გამოვიდა, გირაო გადაუხადეს და შემდეგ ხელმოწერაზე უარი თქვა, ეს მის სინდისზე იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ აქვთ და ცდილობენ, ევროპელების თვალში თავი გადაირჩინონ და ხელს აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი სატყუარა. ეტყობა, დასავლეთი ან შიგნით ემოციები ძალიან მოაწვათ და მიხვდნენ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს, როცა 100 დღის განმავლობაში ხელმოწერაზე უარს ამბობდნენ და ფეხს ითრევდნენ. ახლა მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ აქვთ და ცდილობენ, ევროპელების თვალში თავი გადაირჩინონ და ხელს აწერენ. თავიანთ ამომრჩეველს ჰკითხონ, ანუ ხელს აწერენ რაზე – თავად რომ ამბობდნენ, მაკო გომურის თვალების დამთხრელებს ხელს არ მოვუწერთო, ე.ი. ახლა ძალიან გაუჭირდათ, რომ ამას დათანხმდნენ? ნიკა მელიას ადრეც ვეუბნებოდი, რომ სააკაშვილის კარის თამაშების მსხვერპლი იქნები-თქო და ახლა თავის თავს დააბრალოს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, დოკუმენტისთვის ხელი მოეწერათ.
ნიკა მელია გარეთ თავისუფლად რომ დათარეშობს, სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგია – რომ გამოვიდა, გირაო გადაუხადეს და შემდეგ ხელმოწერაზე უარი თქვა, ეს მის სინდისზე იყოს. გვაქვს კონსტიტუცია, რომლითაც ქვეყანა იმართება, არჩევნები ჩატარდება შესაბამისად, აგერ ბურთი და მოედანი – ვინც მოიპოვებს უმრავლესობას, ის იქნება უმრავლესობა. ჩვენთვის მეასეხარისხოვანია სააკაშვილი და მელია ერთმანეთში როგორ ჩამოყალიბდნენ და დოკუმენტს ხელს მოაწერენ თუ არა. მათ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს. მოაწერონ და თავისთვის იყვნენ. არჩევნებისთვის ვემზადებით, კანდიდატები გვყავს, პროგრამა გვაქვს, თავად ვერ ჩამოყალიბდნენ, ვინ სად გაუშვეს. მორალურად და პოლიტიკურად ისე არიან გაკოტრებული, რომ ვანში რომ ხნავდა, ხომ გახსოვთ და 50 მლნ ლარი რომ მოიპარა, 2 ნომრიდან 5 ნომერს დაუბრუნდა. სევდია უგრეხელიძე შეუწუხებიათ და მცხეთიდან სენაკში ჩაუყვანიათ საკრებულოს თავმჯდომარედ. ასე დაატარებენ ამ ხალხს და ტანჯავენ, ეს მათი არჩევანია. მათ არაერთხელ მოვუწოდეთ, პოლიტიკურ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ, მაგრამ გახსოვთ, რა მოგვიწყვეს – პარლამენტში სალტოების კეთება რომ მოინდომეს, პირიქით, დესტრუქციაში გადავიდნენ. ახლა მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, ეს ჩავლილი თემაა, არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ზარქუამ.
მისივე განცხადებით, საქართველო პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებს იმ კონსტიტუციით, რაც აქვს.
„ქართული ოცნება“ არჩევნებზე 5 პროცენტს აიღებს, 55 პროცენტს აიღებს, მნიშვნელობა არ აქვს, ამ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. თუ ჩატარდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, მმართველი პარტია საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თვითმმართველობის არჩევნებსა და საპარლამენტო არჩევნებს შორის არანაირი ბმა არ არსებობს, ეს გამორიცხულია და დამთავრდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.