ირაკლი ზარქუა - ნიკა მელია გაება თავისი გუნდისა და ბელადის მიერ დაგებულ ხაფანგში, ეს თავის თავს დააბრალოს
ნიკა მელიას ძალიან ვგულშემატკივრობ, რადგან თავის პარტიაში რებრენდინგი დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია თავისმა პარტიამ გაწირა.
„ნიკა მელია საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია. მან სახელმწიფოს ინსტიტუციების წინააღმდეგ რომ გაილაშქრა, არ გადავიხდი გირაოს, ვერ დამიჭერთო, კანონის შესაბამისად დაიჭირეს. მერე იყო საუბარი, რომ გირაოს არ გადავიხდიო. პროკურატურამ არაერთხელ შესთავაზა და გირაოს გადახდა გაუხანგრძლივა. შემდეგ როდესაც გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს, მერეც იყო შეთავაზება, რომ თუ ადვოკატები მოითხოვდნენ, მას გირაოს გადახდა შეეფარდებოდა და ისე გამოვიდოდა, ამაზეც უარი თქვა და თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ამ ახალგაზრდას ძალიან ვგულშემატკივრობ, რადგან თავის პარტიაში რებრენდინგი დაიწყო, ახალგაზრდები მიიყვანა. ჩემთვის პირადად საინტერესოა იმ ახალგაზრდებთან დებატები და დისკუსია, ვიდრე, მაგალითად, გუბაზასთან, ბარამიძესთან და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან. ეს მას არ ეპატია და ახლა თავის სიტყვებსა და პრინციპებში გაიჭედა. დღეს კიდევ მოვისმინეთ მორიგი მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიდეს. მარტივია, გადაიხადოს გირაო. თავის ხელშია, დათანხმდეს იმ გირაოს და ხვალვე გამოვა. ახლა სახის შენარჩუნებას ცდილობს და ისევ ვაჭრობა დაიწყო“, – განაცხადა ზარქუამ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ნიკა მელია კიდევ ერთხელ გაება თავისი გუნდისა და ბელადის მახეში.
„მელიას ვგულშემატკივრობ და მხოლოდ მეგრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს, თუმცა ალბათ ამის ნაკლებობაც არ არის. ადამიანურად მგონია, რომ ეს ადამიანი თავისმა პარტიამ გაწირა. უფრო მეტიც, თავისი ბელადი უკვე იქიდან კარნახობს, რომ გამოვიდეს. მას პარლამენტში შემოსვლა მოუწევს. სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ მელია გაება თავისი გუნდისა და ბელადის მიერ დაგებულ ხაფანგში და ეს თავის თავს დააბრალოს. აქ არავინ დაუწყებს ბულინგს. მობრძანდეს, თუ უნდა მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.