ირაკლი ზარქუა - „ნაცმოძრაობამ“ უნდა გაასამართლოს მოსამართლეები, ეს არის სამართლიანობა? მათი ამოცანაა ქაოსი, ყიყინი, საშუალებას არ მივცემთ, ქვეყანას საბოტაჟი მოუწყონ
„ნაცმოძრაობამ“ უნდა გაასამართლოს მოსამართლეები, ეს არის სამართლიანობა და ნორმალური? საშუალებას არ მივცემთ, ქვეყანას საბოტაჟი მოუწყონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა ქვეყანაში ქაოსის შექმნა.
„ეტყობა, ოპოზიციიდან ხელმოცარულებმა დიდი ხანი იფიქრეს და თქვეს, ახლა „ჩვენი დროა“ და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. მიიღეს გადაწყვეტილება, თავი გამოიჩინონ – პარლამენტში ვიღაცამ შეამჩნიოს, რომ რაღაცისთვის იბრძვიან და ვინ? ამ ხალხის დიდი უმრავლესობა 2012 წელს აქციებს გვიწყობდა და გვიკიჟინებდა, მოსამართლეებს ხელი არ ახლოთო. მეტიც, ამბობდნენ, მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნონო. მაშინ, როცა ვთქვით, რომ სასამართლოში ჩარევას არ ვაპირებთ და თავად უნდა გაერკვნენ. როგორც კი მიხვდნენ, რომ „ნაცებმა“ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს, ახალი კამპანია ააგორეს. „ნაცმოძრაობამ“ უნდა გაასამართლოს მოსამართლეები, ეს არის სამართლიანობა და ნორმალური? საშუალებას არ მივცემთ, ქვეყანას საბოტაჟი მოუწყონ და სასამართლო გაასამართლონ, რადგან მათი ამოცანაა ქაოსი, ყიყინი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.