ირაკლი ზარქუა - მოსამართლეები უნდა გაასამართლონ ხაბეიშვილმა და ბუჩუკურმა? რამე დარღვევა თუ არის, შესაბამისი ინსტანციები არსებობს, ბუნებრივია, ჩვენ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ
ირაკლი ზარქუა - მოსამართლეები უნდა გაასამართლონ ხაბეიშვილმა და ბუჩუკურმა? რამე დარღვევა თუ არის, შესაბამისი ინსტანციები არსებობს, ბუნებრივია, ჩვენ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ

სასამართლო და მოსამართლეები უნდა გაასამართლონ ხაბეიშვილმა და ბუჩუკურმა? რამე დარღვევა თუ არის, შესაბამისი ინსტანციები არსებობს. ბუნებრივია, შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს სასამართლო გაცილებით თავისუფალია, ვიდრე 2012 წლამდე იყო, რასაც სხვადასხვა კვლევაც ადასურებს.

„რადიკალური ოპოზიცია რეიტინგებში განულებულია. თვითრწმენა იმდენად აქვთ დაკარგული, არჩევნებშიც აღარ მონაწილეობენ. გაკოტრებული ოპოზიცია ახლა ცდილობს, დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში. მუშაობა თუ უნდოდათ, ევროინტეგრაციის გზაზე ერთ რამეში არ მიუღიათ მონაწილეობა. ახლა, როდესაც საგამოძიებო ნაწილი უსაფუძვლოა და ვეკითხებით, რა კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე ითხოვთო, ამას არ გვეუბნებიან. ამ დროს სურთ, სასამართლო და მოსამართლეები გაასამართლონ? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა უნდა გაასამართლონ მოსამართლეები და სასამართლო, რომელიც კონსტიტუციით არის მესამე ხელისუფლება? რამე დარღვევა თუ არსებობს, შესაბამისი ინსტანციებია იქ, სადაც ჩვენ ევროპული ყაიდის სასამართლო სისტემა გვაქვს შექმნილი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ამ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ.

მეორე – მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, მაგალითად, გუშინ ბიუროზე დაეყენებინათ საკითხი, რაც არ დაუყენებიათ. შეეშვან სპეკულაციებს. დღეს აქვთ შესაძლებლობა, თუ ჩამოყალიბდებიან, დააყენონ ეს საკითხი და შემდეგ უმრავლესობა იმსჯელებს, რა ვქნათ. შეგიძლიათ, მიმართოთ ამ რადიკალებს, ასევე „ენჯეოშნიკებს“, ვინც მაშინ ითხოვდნენ, რომ ჩვენ მუდმივად სასამართლოში დაგვეტოვებინა გირგვლიანის მოსამართლეები, აქციებს უწყობდნენ 2012 წელს, ჩვენ სასამართლო ხელისუფლება გავათავისუფლეთ წნეხისგან. 2012 წელს ვთქვით, რომ არ დავემსგავსებოდით სააკაშვილის რეჟიმს, სადაც თავისიანები და სხვისიანები დაყო. მივეცით შესაძლებლობა, ისინი თვითგამორკვევაში ყოფილიყვნენ. ნაწილი ჩამოშორდა სასამართლოს და დღეს „ნაცების“ რიგებში არიან, ხოლო ის, ვინც მსხვერპლი იყო, გამოერკვია. დღეს რომ სასამართლო გაცილებით თავისუფალია, ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში, ამას, მათ შორის, საერთაშორისო კვლევები, ამერიკული თუ ევროპული კვლევებიც ადასტურებენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.