ირაკლი ზარქუა - მოსახლეობისთვის, რომელიც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, განტვირთვის საღამოები მოეწყობა
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის 10 მლნ ლარით გაზრდის საკითხზე იმსჯელებენ.
საკრებულოს ოპოზიცია უმრავლესობას იმ მიმართულებებში ხარჯების ზრდაში ადანაშაულებს, რომელიც მათი თქმით, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსასყიდად გამოადგებათ.
როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, დაახლოებით ნახევარი მილიონით იზრდება პიარისა და სარეკლამო ხარჯები, ასევე კონცერტებისთვის გამოყოფილი თანხები.
“არჩევნების დანიშვნამდე „ქართული ოცნება“ ასწრებს საბიუჯეტო ცვლილებებს, რადგან არჩევნების დანიშვნის შემდგომ, მათ ამის უფლება აღარ ექნებათ. ზრდიან წინასაარჩევნოდ თბილისის ბიუჯეტს. ასევე შიდა რესურსები აკლდება მაგალითად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებას ანუ ლიფტებს, სახურავებს, სადარბაზოებს. სანაცვლოდ ზრდიან სარეკლამო, პიარის ხარჯებს ნახევარი მლნ ლარით, ზრდიან ტაშ-ფანდურის და კონცერტების ხარჯებს, ანუ იმ ხარჯებს, რომლებიც მათ გამოადგებათ წინასაარჩევნოდ ჩვენი ამომრჩევლის პირდაპირი თუ ირიბი გზით მოსასყიდად”, – განაცხადა ნადირაძემ.
უმრავლესობაში ოპონენტების ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ და მათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებენ.
როგორც უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხები ძირითადად დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. ასევე გარკვეული თანხები მიემართება კეთილმოწყობისა და ეკოლოგიის მიმართულებითაც.
„ჩვენ ეს დღეებია, ვისმენთ ე.წ. ოპოზიციისგან ცრუ ბრალდებებს, ისინი თავიანთ სტილში არიან, რომ საზოგადოება სიცრუეში შეიყვანონ. ეს 10 მლნ მთლიანად მიემართება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობას. გარდა ამისა, გამოთავისუფლებული თანხებიდან 3 მლნ ლარამდე მიემართება კეთილმოწყობის სამსახურს, ასევე იზრდება ეკოლოგიური მიმართულება, იგივე ბოტანიკურ ბაღს ეზრდება თანხები 100 000 ლარის ფარგლებში”, – განაცხადა ზარქუამ.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ მერია კონცერტების და ტაშ-ფანდურისთვის ხარჯებს ზრდის, ზარქუას თქმით, იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც ქალაქიდან გასვლას გარკვეული მიზეზებით ვერ ახერხებენ, მათთვის განტვირთვის საღამოები მოეწყობა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ტაქსებზე რეგულაციების დაწესების საკითხზე იმსჯელებენ.