ირაკლი ზარქუა - მორალს გვიკითხავენ, ამ დროს, აპოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაციების ობიექტური კვლევით, საქართველო მართლმსაჯულებაზე წვდომის კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა
მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე, ხოლო მსოფლიოში პირველ ხუთეულშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას კითხვა დაუსვეს გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემით 81,6 პროცენტი მიიღო.
ზარქუას თქმით, ეს არის არა „ქართული ოცნების“, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადებული დასკვნა.
„არაკეთილის მსურველები მორალს გვიკითხავენ, ნიშნის მოგებით გვესაუბრებიან, დემოკრატია, ადამიანის უფლებებიო და მათივე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აპოლიტიკურები არიან და ობიექტურად იკვლევენ ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულობას, კანონის უზენაესობას, მათ შორის მართლმსაჯულებას, ისინი აფასებენ ობიექტურად. ობიექტური შეფასების შედეგად, საქართველო არის ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილას. მეტსაც გეტყვით, 2012 წლის შემდეგ 20 პროცენტზე მეტად არის გაზრდილი ჩვენი რეიტინგი. ამხელა ზრდაა მოკლე მონაკვეთში, საქართველო ამით არის პირველ ადგილას. ვისაც რეალურად უნდა ჩვენი განვითარება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის დანახვა, აგერ არის ფაქტი. ესეც „ქართული ოცნების“ მოგონილი ხომ არ არის? ესეც ქართული სოციოლოგიური კვლევების შედეგი ხომ არ არის? ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც 4 000-მდე თანამშრომელი ჰყავთ, მათ შორის არიან ექსპერტები, პოლიტოლოგები, საერთაშორისო მიმომხილველები, ჟურნალისტები. მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე მართლმსაჯულებაზე წვდომის კუთხით. ეს აღსანიშნავია, ეს დასაფასებელია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ამასთან, ირაკლი ზარქუამ მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, რომ აღნიშნულ მონაცემებს გადახედოს. ამასთან, როგორც ზარქუამ განაცხადა, არ ახსოვს რომელიმე პროგრამის გადახედვა ევროკავშირის მხრიდან მაშინ, როცა „ადამიანის ჩაგვრა სააკაშვილის რეჟიმის ყოველდღიური რუტინა იყო“.
„მისტერ ჰერჩინსკი, იქნებ თქვენც გადახედოთ ამ მონაცემებს და გადაიფიქროთ სამარცხვინო განცხადება, რაც გააკეთეთ. ჩვენი თავდაცვის ბიჭები მისიებში მონაწილეობდნენ, მათ შორის ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების ნაწილში, ბევრმა თავი გაწირა, ბევრი დასახიჩრებული დაუბრუნდა თავის ოჯახს, სამშობლოს. ასეთ ბიჭებზე და ქვეყანაზე, რომელიც გვერდში გედგათ და ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობის ჯარისკაცი გვყავდა გაგზვანილი ამ მისიებში, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში, ასეთ ბიჭებზე თქვენ თქვით, არა, ისინი 30 მილიონს არ იმსახურებენ, გიგაურებს და ლომჯარიებს უნდა გადავურიცხოთ, რადგან დემოკრატიის და ადამიანის უფლებების შელახვას ვხედავთო. ამ დროს, თქვენს წიაღში არსებული საერთაშორისო ორგანიზაცია, „მრავალფეროვანი დემოკრატიის“ ორგანიზაცია, რომელიც წერს დასკვნებს, სადაც ასობით, ათასობით ექსპერტია ჩართული, ისინი აკეთებენ ობიექტურ შეფასებას, რომ დიახ, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა კონტინენტზე მართლმსაჯულებასთან წვდომის და დემოკრატიულობის კუთხით. რამდენიმე დღის წინ, თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო საერთოდ 30 სახელმწიფოს შორის მოხვდა. შეგახსენებთ, 2012 წელს იყო დაახლოებით 90-სა და 100-ს მიღმა. ახლა 30-ს შორის მოხვდა. რატომღაც არ მახსოვს, რომელიმე მისიები, პროგრამები გადაგეხედათ იმ რეჟიმის დროს, სადაც ადამიანის ჩაგვრა, მოკვდინება, გაუპატიურება, ციხეში უბედურებები სააკაშვილის რეჟიმის ყოველდღიური რუტინა იყო. არ გადაგიხედავთ, არც გითქვამთ ასეთი მკაცრი განცხადებები, არც დაგიგმიათ, არცერთი პროექტი არ გაგიჩერებიათ, მაგრამ დღეს საქართველომ რომ მიიღო ქართული კანონი, რომელიც დემოკრატიულობას, სუვერენიტეტს უსვამს ხაზს, ამაზე ვიჩაგრებით და გვსჯით. ეს არის განსხვავება და ქართველმა ხალხმა იცის უკვე, ვინ იყო და ვინ არის ქართველი ხალხის მსახური – ხელისუფლება, ანუ ჩვენ; და ვინ იყო დაკვეთების შემსრულებელი რეჟიმი, რომელსაც, მიუხედავად მწვალებლური საქმიანობისა, იმ უბედურებებისა და ქაოსისა, თქვენი მხრიდან არცერთი შენიშვნა არ მიუღია, რადგან უცხო ქვეყნის აგენტურას წარმოადგენენ და დღესაც იგივე არიან. შავსა და თეთრს კარგად ასხვავებს ჩვენი საზოგადოება და ამას მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს კარგად გაარჩევს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.