ირაკლი ზარქუა მარიკა დათუკიშვილს - შემოგრჩათ ეტყობა გავლენები, რომ პატივსაცემი ორგანიზაცია Freedom House შეცდომაში შეგეყვანათ
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House შეცდომაშია შეყვანილი. Freedom House-ის ანგარიშის იმ ეპიზოდზე, სადაც თვითმმართველობის შეფასებაზეა საუბარი, საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა ისაუბრა.
დათუკიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაცია თვითმმართველობის მდგომარეობას საკმაოდ კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით, თვითმმართველობის სისუსტეზე მიუთითებს ისიც, რომ საკრებულოს ფრაქციების წინაშე ანგარიშვალდებული მერიის თანამდებობის პირები საკრებულოში ოპოზიციურ პარტიასთან არ მიდიან.
„ბატონო გიორგი, თქვენ საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანდებით და კი არ უნდა ხუმრობდეთ ყველაფერზე, უნდა უთხრათ მერიის მაღალჩინოსნებს, რომ მობრძანდნენ და გაგვცენ კითხვებზე პასუხი, ჩვენც ისეთივე არჩეული ვართ, როგორც თქვენ“, – მიმართა დათუკიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს.
მარიკა დათუკიშვილს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ უპასუხა. მისი თქმით, წარმოუდგენელია 2017 წელს არსებული ვითარება, 2012 წლის მსგავსი იყოს.
„ვცდილობ, თავი შევიკავო, რომ მკაცრი პასუხი არ გაგცეთ, მაგრამ არ გამოდის. არ გახსოვთ რასაც სჩადიოდით, რატომ გაგრეკათ საზოგადოებამ? რეკეტები, სიკვდილიანობა ციხეში… როგორ ჩააწყვეთ, შემოგრჩათ ეტყობა გავლენები, ეს პატივსაცემი ორგანიზაცია შეცდომაში შეგეყვანათ“, – მიმართა ირაკლი ზარქუამ დათუკიშვილს.