ირაკლი ზარქუა - მადლობა საერთაშორისო მეგობრებს მხარდაჭერისთვის, გვეიმედებიან, მაგრამ კანონი არის კანონი და უნდა დავიცვათ
მივმართავ, ყველა საერთაშორისო პარტნიორს, ელჩებს, მაშინ, როდესაც თავიანთ სახელმწიფოებში იქნება რევოლუციური შეტევა, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ მოიქცევიან, როცა მათი ქვეყნის სასამართლოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის დანაშაული. მაინტერესებს, როგორი იქნება მათი პასუხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებების კომენტირებისას განაცხადა.
საკითხზე საუბრისას დეპუტატმა აშშ-ში, კაპიტოლიუმზე 6 იანვარს მომხდარი თავდასხმა გაიხსენა.
„ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, რათა კონკრეტულად ყველა ნაბიჯი ყოფილიყო შესაბამისობაში. თქვენ იცით, რა გამოხმაურება მოჰყვა კაპიტოლიუმზე თავდასხმას, დაახლოებით 50-მდე ადამიანია დაჭერილი, მიდის მოლაპარაკებები, იმპიჩნენტის საკითხიც გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი შეიცვალა და პლუს, კონგრესმენს მოუხსნეს იმუნიტეტი. ეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორიცაა. ის, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ და რევოლუციური სცენარის თუნდაც გაფიქრება და შანსი მიეცემა თეორიაშიც, ეს უნდა იყოს აღკვეთილი და შესაბამისი რეაგირება უნდა გქონდეს სახელმწიფო ინსტიტუციებისგან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
ყველა საერთაშორისო პარტნიორს მივმართავ, ელჩებსაც და ყველა პარტნიორს, მაშინ, როდესაც თავიანთ სახელმწიფოებში იქნება რევოლუციური შეტევა, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ მოიქცევიან? და მაშინ, როცა მათი ქვეყნის სასამართლოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის დანაშაული, მერე მაინტერესებს როგორი იქნება მათი პასუხი. ვინმემ რომ თქვას, შეთითხნილიაო, აგერ პირდაპირი ეთერი. თარჯიმანის პრობლემა აქვთ? მოვიდნენ, ჩვენ ვუთარგმნით ან თვითონაც არ აქვთ ამის პრობლემა, თარგმნონ რა მოწოდებები იყო. სწორედ ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო მოხდა ის, რაც მოხდა და ჩემთვის ერთნაირად მიუღებელია მაკო გომურიც და პოლიციელი ტაბატაძეც, რომლებმაც თვალი დაკარგეს და ეს არ უნდა მომხდარიყო, ისევე როგორც გავრილოვის შემოსვლა. ჩემი პირადი პოზიციაა, გავრილოვი პარლამენტში იქნებოდა თუ პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, ერთნაირად მიუღებელი იყო და ეს ჩვენ ყველამ ერთად აღვნიშნეთ. ასე, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუციებს. სახელმწიფოს გვერდში დგომა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს ვცეთ პატივი. მადლობა საერთაშორისო მეგობრებს, გვეიმედებიან ისინი, მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ კანონი არის კანონი და ეს არის სახელმწიფოს კანონი, რომელიც უნდა დავიცვათ და პირიქით, მათგან ველოდებით მხარდაჭერას“, – განაცხადა ზარქუამ.