ირაკლი ზარქუა - „ლელოს“ სურს, რადიკალიზმში „ნაცებს“ გაასწროს, ეს არის სამადაშვილის ხელწერა, მისი მისვლა და „ლელოს“ დაშლა მოხდა, ცუდი ფეხი აქვს
„ლელოს“ სურს, რადიკალიზმში „ნაცებს“ გაასწროს და თან ამას უნიჭოდ აკეთებს. ეს ხელმოცარულები საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ზარქუას თქმით, „სალომე სამადაშვილი ვერ იტანს, როცა მმართველი პარტიაა გამარჯვებული და თავად – ხელმოცარული“.
„სავარაუდოდ, ისეთი შტერები არ არიან, რომ თავიანთ პოლიტიკურ მომავალს ისამარებდნენ, მაგრამ ეს არის სალომე სამადაშვილის ხელწერა. ხომ იცით, სალომე რომელია? – ჩვენი ხელმოცარული ელჩი რომ იყო, ბრიუსელში დადიოდა და პარტნიორებს ეუბნებოდა, იქნებ საქართველოს სტატუსი არ მისცეთო. ჯერ სამუშაო ჯგუფების შექმნას და სიგიჟეებს ითხოვდნენ, ჩვენ საკომიტეტო ფორმატზე მივუთითებდით, ახლა ფარსს უწოდებენ. ფარსს უწოდებდნენ კანდიდატის სტატუსსაც და რუსული პარტია გვეძახეს, თუმცა სტატუსი ღირსებით მივიღეთ. სიმართლე გითხრათ, „ლელო“ რას იზამს, ფეხებზე მკიდია, სულ არ მაინტერესებს, მაგრამ ეს ხელმოცარულები საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავენ.
სალომეს კომფორტი უყვარს და სახლში წავა; არითმეტიკა რომ იცის კარგად, გეგელია, დადგება, დროშაც მისცემენ, იგინებს და დააჯარიმებენ. დიდი შანსია, რომ ეს ლუზერთა, თაღლითების გაერთიანება ჩამოიშლება. სია ვერ ჩამოაყალიბეს, ვინ იყოს თავმჯდომარე, ვინ – მეორე და ვინ – მესამე. ეს ჯერ ვერ გაიგეს. მათგან რა არის მოსალოდნელი? ჩემი ხაბეს თამადობით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომებზე ისწავლა. სამუშაო ჯგუფებში არ შემოდიოდნენ, გაკვეთილი მიიღეს და ახლა რადიკალიზმი არ უნდათ, რაც საზოგადოებამ ბევრი ნახა. „ნაცები“ ამიტომ დასხდნენ და ახლა „ლელოს“ ჯერია, მაგრამ ეს არის სამადაშვილის ხელწერა. ის ვერ იტანს, როცა მმართველი პარტიაა გამარჯვებული და თავად – ხელმოცარული. მისი მისვლა და „ლელოს“ დაშლა მოხდა, ცუდი ფეხი აქვს და ვერ ხვდებიან. სალომე სამადაშვილია ლუზერი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.