ირაკლი ზარქუა - „ლელომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ერთმანეთს აგინეს, ამის შემდეგ რომ ამომრჩეველს ეტყვი, კოალიციურად მთავრობაში უნდა მოვიდეთო, ვინ დაგიჯერებს
ერთმანეთს რაც აკადრეს, აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი, ერთი გუნდი ვართო, კოალიციურად მთავრობაში უნდა მოვიდეთო, ვინ დაგიჯერებს. არ მგონია, მთლად ასეთი დეგრადაციაც იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ლელოსა“ და „ გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას განაცხადა.
„ერთმანეთს რაც აკადრეს, აგინეს, ხან რა ეძახეს და ამის შემდეგ ერთად დადგები და ამომრჩეველს ეტყვი, ჩვენ ერთი გუნდი ვართო და კოალიციურად მთავრობაში უნდა მოვიდეთო, ვინ დაგიჯერებს. არ მგონია, მთლად ასეთი დეგრადაციაც იყოს, თუმცა, ახლა გამახსენდა, კაცო, მოღალატეს, აგენტს ეძახდნენ პრეზიდენტს და კიდევ რაღაცებს, უხერხულია და ამას თქვენს მსმენელებს არ ვაკადრებ. ასეთებს რომ ეძახდნენ გვარამიები, ჯაფარიძეები, ჩახდილებს ვგულისხმობ, პლუს ხოშტარიები და დღეს ერთ პლატფორმაში არიან გაერთიანებული. გუშინ ვუსმენდი, პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დავუჭირე და ხელი მოვაწერე, ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთო, მორალისგანაა დაცლილი თითოეული ეს მარგინალური ოპოზიცია. გახარიამ გუნდი ყველაზე რთულ სიტუაციაში მიატოვა, არაკაცური საქციელი ჩაიდინა. წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე გვიმტკიცებდა, მელია უნდა დავიჭიროო, სამართლებრივი სახელმწიფო არისო, პირადად მე შეურაცხყოფაც მომაყენა, ვუთხარი, საელჩოები ჩააყენე საქმის კურსში-მეთქი, გმირად ნუ გამოიყვან მელიას-მეთქი, არაო, დასაჭერია და უნდა დავიჭიროთო და ორ დღეში გაიქცა, მაგას ვერ გავაკეთებო. ასეთი მშიშარა კაცია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ასეთი გაერთიანება არ შეიძლება, რამე სერიოზულს წარმოადგენდეს.
„მკვდარი მკვდარს აეკიდაო, იყვნენ და ატყუონ, რომ ჰყავთ შემორჩენილი საზოგადოების გარკვეული ნაწილი. არა მგონია, რამე სერიოზული იყოს და ამაზე დრო არც უნდა დავკარგოთ, რადგან ერთიც, მეორეც, მესამეც – არცერთი არაა ახალი სახე, ესაა ძველი, მივიწყებული, ზოგი კიდევ ჩვენგან გაგდებული. კაცს მორალი, სინდისი, პატრიოტიზმი რომ არ გაქვს, ჩვენთან ასეთებს არ გავაჩერებთ. შესაბამისად, ასეთი დახასიათებების მქონე პარტიები რას იზამენ, ნაკლებად საინტერესოა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ფეხბურთის ჩემპიონატი დამთავრდა და ოპოზიციური პარტიების სიგიჟეებს უნდა უყუროს საზოგადოება, როგორ დასცხებენ ერთმანეთს და პრეტენზიებს წაუყენებენ.
„თქვენ გგონიათ, მდგრადი ერთობა აქვთ? არა, თითოეული ერთმანეთს ვერ იტანს, უბრალოდ, რატომ გაერთიანდნენ, პატრონებმა დაუკვეთეს. ასეა საჭირო, რომ მადამ პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ და ერთიანი ფრონტი შექმნან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. არ გამოუვათ. ქართველმა ხალხმა, ერმა და ბერმა მოვიგერიეთ ამათი შემოტევები, ამასაც გავუძლებთ და 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.