ირაკლი ზარქუა - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებდით, ზიზღის კამპანია დაესრულებინათ, პოლარიზაციის კამპანიის შედეგია წყალტუბოში მომხდარი ტრაგედია
ირაკლი ზარქუა - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებდით, ზიზღის კამპანია დაესრულებინათ, პოლარიზაციის კამპანიის შედეგია წყალტუბოში მომხდარი ტრაგედია

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებდით, რომ ზიზღის კამპანია დაესრულებინათ. პოლარიზაციის კამპანიის შედეგია წყალტუბოში მომხდარი ტრაგედია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ასეთი კამპანია საზოგადოების გაერთიანებისკენ არ არის მიმართული.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვისმენთ საშინელ სიტყვებს, მოწოდებებს. ეს კამპანია არ არის საზოგადოების გაერთიანებისკენ მოწოდება, ამას ხომ თქვენც ხედავთ. ოპოზიციურმა არხებმა რაც არ უნდა მალოთ, აგერ, დაიდო შედეგი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოვუწოდებდით, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზიზღის კამპანია დაესრულებინა. აგერ, ტრაგედიით დამთავრდა. კიდევ ერთხელ უარი უნდა ვუთხრათ ასეთ მიდგომებს. მოვუწოდებ შესაბამის დამკვირვებლებს, რომლებიც რატომღაც ჩუმად არიან, არ მაინტერესებს ISFED-ი და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძელებები, მათგან ობიექტურს ვერაფერს მოვისმენთ, მე საერთაშორისო დამკვირვებლებს მოვუწოდებ – ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ზიზღის, პოლარიზაციის კამპანიის შედეგი. ვაფრთხილებდით და თქვენც გაფრთხილებდით, ამაზე აქცენტი გაგეკეთებინათ, შედეგია ტრაგედია. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

არსებული ინფორმაციით, წყალტუბოში ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.