ირაკლი ზარქუა - ხოშტარიები და მსგავსნი არიან მეხუთე კოლონა, რომლებიც მუშაობენ, რათა ქვეყანას ევროპული პერსპექტივა გაუქრონ, ქართველი ხალხი ხელისუფლებაში ამ აგენტურას არ მოიყვანს
„ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის კანდიდატობაზე ღირსეული განაცხადი 2024 წელს უნდა გაეკეთებინა და მანამდე რეფორმების მთელი ჯაჭვი მაქსიმალურად უნდა შეგვესრულებინა, თუმცა უკრაინაზე რუსეთის აგრესიამ ვითარება შეცვალა და ევროინტეგრაციის ახალი შესაძლებლობა გააჩინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, მოსინჯოს, იქნებ არეულობა, ქაოსი გამოუვიდეთ.
როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, ქართველი ხალხის ნებაა, რომ ძირძველ ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს, რასაც საქართველო 2022 წლის ბოლოსთვის მიაღწევს.
„უკრაინა იყო ლოკომოტივი და მისი ინიციატივა იყო, რომ კანდიდატობაზე განაცხადი გაეკეთებინა, რადგან ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიის 20 პროცენტი, ახლა ომშია, გაუნადგურდა ქალაქები. ევროპაში თქვეს, რომ უკრაინა ომშია და ამიტომ სტატუსის მინიჭება ეკუთვნის. ჩვენ ვთქვით, რომ ვცადოთ და ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთო. განაცხადი გავაკეთეთ და რეკომენდაცია მივიღეთ – თუ პირობებს დავაკმაყოფილებთ, წლის ბოლომდე გადაწყვეტილება გადაიხედება. მოლოდინი გვაქვს, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში ცდილობს, მოსინჯოს, იქნებ არეულობა, ქაოსი გამოუვიდეთ და რევოლუცია მოახდინონ. ახლაც მცდელობა აქვთ, ეს ყველაფერი სათავისოდ დაინახონ. ევროპული ღირებულება და ევროპული არჩევანი დამოკიდებული არ არის იმაზე, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ – არა. საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ცხოვრების წესით, მრავალეთნიკურობით ადამიანის უფლებებით ევროპული. საუკუნეებით მოგვსდევს და ეს არც უგულავას, არც ბოკერიების და მით უმეტეს, არც რუსული ფულით დაფინანსებული ხოშტარიების გადასაწყვეტი არ არის. ქართველი ხალხის ნება და ისტორიული მისიაა, ძირძველ ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს. ამას ჩვენ მივაღწევთ 2022 წლის ბოლოს, როცა გადაწყვეტილება გადაიხედება და კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება.
ოპოზიციის მხრიდან ზუსტად ანალოგიური ნარატივი 2013 წელს იყო – ევროპა უარს გვეტყვისო, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობა მივიღეთ. შემდეგ, გახსოვთ, უვიზო მიმოსვლაზე რა ამბებში იყვნენ, რომ ამბობდნენ, მმართველი პარტია არის მოძალადე, დიქტატორიო, მაგრამ უვიზო მიმოსვლა მივიღეთ. სიმართლე ერთია და როცა ამას პარტნიორებს მიაწვდი, ბუნებრივია, ისინი გაიზიარებენ. არ გაიზიარებენ უგულავას ნარატივს, რომელმაც დედაქალაქის 50 მილიონი მოიპარა და ერთ-ერთი შემოქმედი იყო იმ დიქტატურის, რაც სააკაშვილმა შექმნა. ბუნებრივია, ბოკერიას არ დაუჯერებენ, რომელიც ხერხემალი იყო ამ უბედურების, რაც ქვეყანაში ტრიალებდა. ასევე არ დაუჯერებენ ხოშტარიას, რომელმაც თქვა, რომ მერე რა მოხდა, რუსული ფული მემკვიდრეობით ერგო ჩემს ოჯახსო. შე დალოცვილო, სხვას რომ ამუნათებდი, ვინც ხელოვნებასა და სპორტში იყო ჩართული, ეს ორმაგი სტანდარტი რა უბედურებაა? ახლა უკვე რცხვენია და სხვა ფორმულირება მოუძებნა, მილიონობით რუბლს რომ იღებს და ბათუმში უძრავ ქონებას ყიდულობს? – დიახ, ხოშტარიები და მსგავსნი არიან მეხუთე კოლონა, რომლებიც იმისთვის მუშაობენ, რომ ამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა გაუქრონ. ამას ვერ ეღირსებიან და ვერ მოესწრებიან, ქართველი ხალხი ხელისუფლებაში ამ აგენტურას არ მოიყვანს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს დოკუმენტში დეოლიგარქიის შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით არის ჩაწერილი, არამედ ჩაუწერეს მოლდოვას და უკრაინასაც.
„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ეს მოლდოვას და უკრაინასაც ჩაუწერეს და სწორიც არის. სამწუხაროდ, მოცემულობა გვაქვს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც საქართველოში ფული გარკვეული გზებით იშოვეს, შემდეგ მოვიდნენ პოლიტიკაში და დღეს ხან პარტიებს აფინანსებენ, ხან ტელევიზიებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოლიგარქები მოშორდნენ პოლიტიკას. ახლა თქვენ მცდელობა გაქვთ, თითქოს საუბარია ბიძინა ივანიშვილზე. ბიძინა ივანიშვილმა ფული საქართველოში კი არ იშოვა, არამედ უცხოეთში და საქართველოში სამ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. 2012 წელს, ქართველი ერი ივანიშვილის ხელმძღვანელობით ტირანიის წინააღმდეგ გაერთიანდა და მას ამას ვერ პატიობენ ადგილობრივი ნაძირლები და ფასიანი ლობისტები, რომლებიც სხვადასხვა ევროსტრუქტურებში არიან წარმოდგენილი. ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ის ბიზნესმენია, რომელიც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია. მან თქვა და კიდეც შეასრულა, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ტირანიას დაამარცხებდა და ამის შემდეგ პოლიტიკიდან გავიდოდა. მას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, დღეს პოლიტიკაში იყოს, მაგრამ ამის სურვილი არ აქვს და თამაშიდან თავად გავიდა. ამის საწინააღმდეგო არც ერთი ფაქტი არ აქვთ არც ადგილობრივ ვაი-პოლიტიკოსებს, არც „ენჯეოშნიკებს“ და ამ ვაი პოლიტიკოსებთან დაკავშირებულებს, არც ფასიან ლობისტებს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.