ირაკლი ზარქუა - ხელმოცარულთა ინტერპრეტაციაა, თითქოს ბოდიში უნდა მოვუხადოთ ანწუხელიძის მწამებლებს, არა, ბატონებო, ეს ომის დანაშაულია და გამოძიებულია, ვინც ჩაიდინა
საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებთან ერთად ერთიან სახელმწიფოს მშვიდად ვაშენებდით, მაგრამ დღეს გარკვეული ძალების მხრიდან ერთმანეთს ვართ ჩამოშორებული. დიახ, ერთმანეთისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი შეცდომებისა და გაუაზრებელი პოლიტიკისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ მესამე ძალამ შეძლო და ერთმანეთს გადაგვკიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ხელმოცარული ოპოზიცია ამ თემაზე ალაპარაკდა, რადგან იციან, რომ არჩევნების შემდეგ ჩატარდება სრულფასოვანი გამოძიება, რა მოხდა 2008 წლის ომის დროს და ვინ შეიტანა წვლილი მომხდარ ტრაგედიაში.
„ბუნებრივია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას არ მოიწონებს. რეალობაა, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებთან ერთად ერთიან სახელმწიფოს მშვიდად ვაშენებდით, მაგრამ დღეს გარკვეული ძალების მხრიდან ერთმანეთს ვართ ჩამოშორებული. ორი ულამაზესი მხარე საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არ არის. უამრავი ომი გადავიტანეთ როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში. დაშვებული იყო უამრავი შეცდომა – სწორედ ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული. დიახ, ჩვენ ერთმანეთისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი შეცდომებისა და გაუაზრებელი პოლიტიკისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ მესამე ძალამ შეძლო და ერთმანეთს გადაგვკიდა.
ჩვენ მშვიდობით, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი და ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო. ხელმოცარულების ინტერპრეტაციაა, თითქოს გიორგი ანწუხელიძის მწამებლებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში. არა, ბატონებო – ეს ომის დანაშაულია და გამოძიებულია, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა. ეთნიკური ქართველის მკვლელობისთვის არაერთი პირია პასუხისგებაში მიცემული. არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელმოცარული ოპოზიცია იმის გამო აკაკანდა, რომ ზუსტად იციან, არჩევნების შემდეგ ყველა გასამართლდება, ვისაც წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ჩვენს აფხაზ და ოსს ძმებთან საერთო გამოსავალი არ გვეპოვა და ყველაფერი გააკეთა, რათა ომი თავიდან არ აგვერიდებინა. დიახ, ჩვენ სრულფასოვან გამოძიებას ჩავატარებთ, რა მოხდა 2008 წლის ომის დროს და ვინ შეიტანა წვლილი მომხდარ ტრაგედიაში“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.