ირაკლი ზარქუა - ხალხისგან გალაწუნება მიიღეს და 54-კაციანი ამალით დარბიან, რადიკალებს პარლამენტში შემოსვლა მოუწევთ, შემდეგ იტყვიან, ევროპელ პარტნიორებს ვუჯერებთო
ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას არ ატყუებს. პირდაპირ ვეუბნებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი რაიმე წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ეს იქნება გამოწვევის გაზრდა ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანამ დიდი ხანია, აირჩია ევროატლანტიკური გეზი, რაც რუსეთის ინტერესებში არ არის.
„მინდა, დღევანდელ ბრიფინგებს გამოვეხმაურო, რომლებიც ჩემმა ხელმოცარულმა კოლეგებმა ჩაატარეს. მათ შორის, განახლებული „ნაცმოძრაობა“ რომ დაარქვეს მერაბიშვილ-ხაბეიშვილის ინტერპრეტაციებს, ასევე გიორგი ვაშაძის განცხადებას, მეორე ხელმოცარული რომ დარბის „ტროიკიდან“, რომელიც რუსებზე გაქირავებული ფულით მდიდრდება. ეს ხელმოცარულები ირაკლი კობახიძის განცხადების ინტერპრეტაციით ქულების დაწერას ცდილობენ. გუშინ რა კონტექსტშიც გაკეთდა განცხადება, არის ის, რომ რუსეთის ნებისმიერი წარმატებული თუ წინ გადადგმული ნაბიჯი უკრაინის ოკუპაციის მიმართულებით, პირდაპირი რისკია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას არ ვატყუებთ, პირდაპირ ვეუბნებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი რაიმე წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება პირდაპირი გამოწვევის გაზრდა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია, აირჩია ევროატლანტიკური გეზი და, ბუნებრივია, ეს რუსეთის ინტერესებში არ არის. ჩვენ განცხადებებს რეალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვაკეთებთ. ამ ხელმოცარულებს კი, მერაბიშვილ-ხაბეიშვილს და „ტროიკიდან“ ვაშაძეს, მცდელობა აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს რუსების მხარეს ვართ.
2012 წლამდე ყველაფერი გააკეთეს, რათა რუსები გაძლიერებულიყვნენ ჩვენს ქვეყანაში. ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს გადაუფორმეს, მათ შორის ფიჭური კავშირგაბმულობა. ომში რუსულ არმიას შემოუძღვნენ სააკაშვილი და მისი ამფსონები. ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს და შემდეგ ქართველ ბიჭებს დააბრალეს ომის ესკალაცია და ევროსაბჭოს ხელი მოუწერეს. ამაზე მეტი ანტიქართული და პრორუსული რა უნდა გააკეთონ?
ჩვენი ხელისუფლების დროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა შევძელით. რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ ხომ დაგასვათ წერტილი ფსევდოევროპელებს. ხომ დაგასვათ წერტილი და თქვა, რომ ყველა რეფორმა, რაც საქართველომ განახორციელა, შესაბამისობაშია და საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ამ პრეტენდენტ ქვეყნებს შორის. არცერთი არ გამოჩენილხართ, ჩირგვებში იყავით შეყუჟული და ამიტომაც ხართ ხელმოცარულები. განახლებული დაარქვით „ნაციონალურ მოძრაობას“, თითქოს მთავარი ოპოზიციური პარტიაა და 54 კაცი მოგსდევდათ გუშინწინ. ზუსტად ვიცი, მომავალ კვირაში უკვე პარლამენტში შემოხვალთ. რით „გააპრავებთ“ შემდეგ ამას, რას იტყვით. ასეთი უსუსურები ხართ. მერამდენედ უნდა მოიგონოთ და მერამდენედ უნდა შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში. უკვე თქვენებიც აღარ გიჯერებენ. ამიტომაც არის, რომ მრავლათასიან პარტიას 54 კაცი შემოგრჩათ. არ ხართ გულწრფელები, მართლები და თქვენებმაც გაგშიფრეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ამასთან, როგორც ზარქუამ აღნიშნა, საქართველო როგორც არასდროს, ისე არის ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან.
„დეკემბერში ჩვენ საბოლოო დასკვნას ველოდებით. იმ შემთხვევაში, თუ განსხვავებული პოზიცია ექნება ევროკომისიას, ეს რადიკალების დამსახურება იქნება. ამ დღეებში ხალხისგან გალაწუნება მიიღეს, 54-კაციანი ამალით დარბოდნენ სხვადასხვა ლოკაციაზე და დღესაც აგრძელებენ. პარლამენტში შემოსვლა მოუწევთ. მომავალ კვირაში „ნაცმოძრაობა“, რადიკალები, მათ შორის „ტროიკიდან“, შემოვლენ პარლამენტში, დასხდებიან და იტყვიან, ევროპელმა პარტნიორებმა გვირჩიეს, შემოვსულიყავით და ვუჯერებთო. ამით „გააპრავებენ“ უსუსურობასა და ხელმოცარულობას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.