ირაკლი ზარქუა - კეზერაშვილმა ჩვენება მისცა, რომ წაგებული ომის შემდეგ გამდიდრებული მინისტრია, რომელმაც გაძარცვა ჯარი, გახდა მულტიმილიონერი და მოპარული ფულით რადიკალებს, ოპოზიციას აფინანსებს
კეზერაშვილმა საზოგადოებას ჩვენება მისცა, რომ წაგებული ომის შემდეგ გამდიდრებული მინისტრია, რომელმაც გაძარცვა ჯარი, გახდა მულტიმილიონერი და მოპარული ფულით რადიკალებს, ოპოზიციას აფინანსებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ქართულ პოლიტიკაში ვინც ხელმოცარულია რადიკალების სახით, მათი ძირითადი ნაწილი კეზერაშვილის დაფინანსების ქვეშ არის, მათ შორის არიან ტელევიზიებიც.
„ეს არის დავით კეზერაშვილის მორიგი აღიარება. ფაქტობრივად, ქართულ საზოგადოებას ჩვენება მისცა – დავით კეზერაშვილი არის წაგებული ომის შემდეგ გამდიდრებული თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, გახდა მულტიმილიონერი და ახლა მოპარული ფულით რადიკალებს, ოპოზიციას აფინანსებს. ქართულ პოლიტიკაში ვინც ხელმოცარულია რადიკალების სახით, მათი ძირითადი ნაწილი კეზერაშვილის დაფინანსების ქვეშ არის, მათ შორის არიან ტელევიზიებიც. არ გვიკვირს, ეს ხელმოცარულები – ჭიჭე ვაშაძით დაწყებული, ნაცებით დამთავრებული – ლუზერები რომ არიან. მათი ბრძნული აზრებით ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ერთადერთია რევოლუცია და გადატრიალება, რისთვისაც იყენებენ ახალგაზრდებსაც და საზოგადოების გულწრფელ შეშფოთებას, რომლებიც არასწორი ინფორმაციებით შეცდომაში შეჰყავთ და ცდილობენ, რევოლუციური სცენარები ამით ააგორონ. რა მორალისა და ღირებულებების პარტია უნდა იყო, რომ ქართველი ჯარისკაცებით ნაძარცვი ფულით ფინანსდებიან და ფულს თამამად იღებენ. კეზერაშვილი ჩვენებას იძლევა, თუ როგორ არის კლასიკურად დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ადრესატი, რომელიც ევროკომისიამ განგვისაზღვრა. ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ მათ დამფინანსებლებს შეეხება, რომელიც არის ქურდი კეზერაშვილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“.