ირაკლი ზარქუა - ადამიანი რა დონის თავხედია, გვეუბნება, რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესია, იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მას მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა.
ზარქუას თქმით, სააკაშვილის გადასაწყვეტია, შეთავაზებას მიიღებს თუ არა. ამასთან, ზარქუა სისულელეს უწოდებს სააკაშვილის მიერ წამოყენებულ პირობებს.
„წარმოიდგინეთ, რა მოცემულობაა – სააკაშვილი იყო შემოქმედი იმ უბედურების, რაც ქვეყანაში და ციხეებში ტრიალებდა. სამედიცინო სერვისის გაწევა კი არა, ხალხს პირდაპირ ასახიჩრებდნენ და ყოველდღე სტატისტიკა ჰქონდათ. გახსოვთ, ციხიდან რამდენი გარდაცვლილი გამოჰყავდათ და რა დღეში იყვნენ. დღეს ციხეში ისეთი სიტუაციაა, რომ ტიპი, ადამიანი რა დონის თავხედია, რომ გვეუბნება, რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო. ასეთი რამე გაგონილა? – სისულელე პირობები წამოაყენა. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესია, იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მას მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა. მისი გადასაწყვეტია, შეთავაზებას მიიღებს თუ არა. როგორც ყველა პატიმარს, ასევე მიხეილ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, შიმშილობა და არშიმშილობა კი, მისი პირადი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
რაც შეეხება თავდებობის საკითხს, ზარქუა ამბობს, რომ ეს ყველაფერი ცირკად იქცა.
„შოუს ელემენტები შეიტანეს. თავდებში ვინ უნდა ჩაუდგეს, მათ შორის რომელია ავტორიტეტული, რომელიც პირობას დადებს და შემდეგ არ შეცვლის? – კონკრეტული გვარი თქვით. ამ ადამიანს მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე და უნდა მოიხადოს. მას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შევთავაზეთ, რომ კვლევები ჩაიტაროს. ამ შეთავაზებას ულტიმატუმებით და პირობებით უპასუხა. ანუ, განცდა არ აქვს, რომ ცუდად არის. შეთავაზება ძალაშია და ის უწყვეტად იქნება სამედიცინო პერსონალის მონიტორინგის ქვეშ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზეს. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა. საკითხთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საშუალებით განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმაც, სადაც აღნიშნავს, რომ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით რამდენიმე პირობას აყენებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს დღეს მოუწოდა, დათქმების გარეშე ისარგებლოს შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით.