ირაკლი ზარქუა - გვგონია, არჩევნების მეორე ტურს ყველგან მოვიგებთ, მაგრამ განსხვავებული პოზიცია თუ დაფიქსირდა, მზად ვართ, ყველასთან ვითანამშრომლოთ
გვგონია, არჩევნების მეორე ტურებს ყველგან მოვიგებთ, მაგრამ თუ განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდა, არც ესაა პრობლემა – მზად ვართ, ყველასთან ვითანამშრომლოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, რიგ მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო. როგორც ზარქუა ამბობს, ყველაფერს გააკეთებენ, რათა მეორე ტურისთვის ეს ხარვეზები აღმოფხვრილი იყოს.
„რიგ მუნიციპალიტეტებში მიღებული შედეგებით გამოჩნდა, რომ სავარაუდოდ იყო გარკვეული ხარვეზები, შეცდომები და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო. ყველაფერს ვიზამთ, რათა ის დისონანსი, ხარვეზები, შეცდომა მაქსიმალურად აღმოიფხვრას. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციური მერი იყო, თუმცა ამას თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ხელი არ შეუშლია. ჩვენ იმის მიხედვით არ ვირჩევთ, სად არის ჩვენი გუნდის წარმომადგენელი და სად – არა. ჩვენ ეს არ გვაშინებს – მთავარია, გამოვასწოროთ ხარვეზები, რაც ეტყობა, გვაქვს, რაკი ასეთი შედეგი დადგა. მმართველმა პარტიამ 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში, პირველივე ტურში უმრავლესობით მოსვლა გაინაღდა. ეს მიუთითებს, რომ ოპოზიცია რეფერენდუმის მოთხოვნაში დამარცხდა და მოსახლეობამ უთხრა, რომ მათ იმხელა მხარდაჭერა არა აქვთ, ქვეყნის მმართველობაში მოსვლაზე ჰქონდეთ პრეტენზია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.