ირაკლი ზარქუა - გუშინ „ნაცებმა“ ასკაციანი ლაშქარი რამდენიმე ფრონტად დაყვეს, სამარცხვინო ქმედებები ვიხილეთ, ერთმანეთს მოღალატეები ეძახეს, ეს იყო ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ სკამისთვის
გუშინ „ნაცებმა“ თავიანთი ასკაციანი ლაშქარი რამდენიმე ფრონტად დაყვეს. ვნახეთ სამარცხვინო ქმედებები, ერთმანეთს მოღალატეები ეძახეს. ეს იყო ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ სკამისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვიწროპარტიული ინტერესებისთვის მებრძოლი პარტიაა.
„ვნახეთ სამარცხვინო ქმედებები, ერთმანეთს მოღალატეები ეძახეს. გუშინ მარაზმი ხდებოდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პატიმარიც არ აინტერესებთ. ეს იყო ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ სკამისთვის. რატომ? რადგან შემდეგ კეზერაშვილის ფულები გადაინაწილოს იმან, ვინც ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს.
ეს არის წინასაარჩევნო ქმედებები, როგორ დასდევენ ერთმანეთს, როგორ აგინებენ და ლანძღავენ. რომ ჰკითხოთ, ერთ საქმეს ემსახურებიან, მაგრამ რეალურად, ხომ ხვდებით, რასაც აკეთებენ. საღამოს უნდა ჩართო რაღაც გასართობი და უყურო. ჯერ ერთის განცხადება უნდა მოისმინო, შემდეგ – მეორის, მესამის და ასე შემდეგ. აგონიაში არიან. ეს მათი კონკრეტული ვიწროპარტიული ინტერესებისთვის მებრძოლი პარტიაა. შიგნით ვინც აღზარდეს, ვინც იქ გამოიჩეკნენ სამი თუ ოთხი, გამოკვეთილი ვინც არის, ახლა იბრძვიან, რომ პარტიაში კეზერაშვილის ფული, გავლენები მოიპოვონ. რა დიდი მნიშვნელობა აქვს, პარტიის თავმჯდომარე მელია იქნება, ხაბე, ჩემი ძმა და მეგობარი, თუ მუმლაძე. მაგათთვის ერთადერთი მნიშვნელობა აქვს, რომ კეზერაშვილის ფული შემდეგ უკეთესად გადაანაწილონ და გამოიყენონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.