ირაკლი ზარქუა - გახარიას ვურჩევდი, ცეცხლთან ფრთხილად იყოს, ხელი არ დაიწვას, ჩანაწერებთან დაკავშირებით მის ადგილზე ფრთხილ განცხადებებს გავაკეთებდი
გიორგი გახარიას ვურჩევდი, ცეცხლთან ფრთხილად იყოს, ხელი არ დაიწვას. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფარული ჩანაწერები მის პერიოდშიც იყოს და მის ადგილზე ცოტა ფრთხილ განცხადებებს გავაკეთებდი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების შედეგად მალე გახდება ცნობილი, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა.
„ის, რაც არის, ჩვენი პასუხისმგებლობაა, თუმცა გახარიას ადგილზე ასეთ თამამ განცხადებებს არ გავაკეთებდი, რადგან შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს იყო ეს ქაოსი და გაუგებრობა, როცა თურმე, გარკვეული მასალები ასე მიმოფანტული იყოს და შეიძლება ვინმეს ჰქონდეს წვდომა ასეთ მასალებზე. ეს არის გამოძიების საგანი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში კონკრეტული პირები იქნებიან გამოკვეთილი, ვისი პასუხისმგებლობა იყო და როგორ მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.