ირაკლი ზარქუა - ეს არის შანტაჟი, საქართველოს მთავრობამ სამართლიანად უთხრა უარი უკრაინას მეორე ფრონტის გახსნაზე და უკრაინამ კარგად უნდა გაითავისოს, რა თამაშში შედის
დანილოვები, პოდოლიაკები და ასეთი „პადონოკები“ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებენ. ესენი წავლენ წამოვლენ, ხოლო ჩვენი მეგობრობა დარჩება იმიტომ, რომ დიდ ხანს მოიცავს და მომავალშიც ასე გაგრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის დასანქცირებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ეს არის შანტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობამ სამართლიანად უთხრა უარი უკრაინას მეორე ფრონტის გახსნაზე და უკრაინამ ეს კარგად უნდა გაითავისოს, რა თამაშში შედის. ეს არ არის ის თამაში, რომელიც მის სახელმწიფო ინტერესებს ეკუთვნის. ინფორმაცია, რაც გავრცელდა, თუ სიმართლეს შეესაბამება ეს არის მორიგი არასწორი, არასამართლიანი გადადგმული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვახსოვს ძებნილი სააკაშვილი, როდესაც ჰყავდათ გუბერნატორად და შემდეგ თმებით ათრევდნენ ხოლმე რესტორნებში და დააპატიმრეს კიდეც. ახლა ადეიშვილი ჰყავთ, რომელიც იმ რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამონაწილე იყო. ეს ადამიანი ახლა უკვე უკრაინის სახელით ევროპაში სიტყვით გამოდის და ადამიანებს ხვდება და დააგვირგვინეს ახლა ეს სამარცხვინო შავი სია თუ რაღაც. ბიძინა ივანიშვილს ვერ გაუბედეს და ნათესავებზე გადავიდნენ, რადგან მეორე ფრონტის გახსნაზე უარი ვუთხარით ბატონ დანილოვს, ვინც ეს სია შეადგინა. სამართლიანად მიიღო უარი, რადგან საქართველოს ფრონტის გახსნა და ომი არ სჭირდება, ჩვენ ეს ვნახეთ, ვიომეთ უკვე 2008 წელს. ჩვენ სტაბილურობა და განვითარება გვინდა და მათ ასე გვიპასუხეს, დაგვაშანტაჟეს. ნამდვილად უკრაინას ვუჭერთ მხარს, უკრაინელ ხალხს, მათ ტერიტორიულ მთლიანობას, მე ვისურვებდი, რომ უკრაინას უფრო ადეკვატური ხელისუფლება ჰყოლოდა. ეს ჩემი გულწრფელი სურვილია, ისეთი მთავრობა, რომელიც უკრაინელი ხალხის ინტერესებს დაიცავს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.