ირაკლი ზარქუა - ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარს რომ არ ვუჭერთ, ამის გამო თქვა, ახალგაზრდები მართლმადიდებლობასთან და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვერაფერს ისწავლიანო, ეს არ არის სწორი მიდგომა
ის განცხადებები, რაც ბატონმა როთმა გააკეთა მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით, არის მიუღებელი, მართლმადიდებლობა არ არის მუხრუჭი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა, რომლითაც ამაყობს.
„კიდევ ერთხელ მინდა, დავგმო და გამოვეხმაურო ბატონი როთის იმ განცხადებას, სადაც თქვა, რომ თურმე „ქართული ოცნება“ და მართლმადიდებლობა ერთად არიან და რას უნდა ელოდონ მათგანო, ეს არის მიუღებელი, ამაზრზენი. პრინციპში, რას უნდა ველოდოთ, როგორ შეიძლება, ეს ადამიანი ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებს პატივს სცემდეს. თუ არ ვცდები, ბატონი როთი გათხოვილია. თუ ვცდები, ბოდიშს ვიხდი. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ის წარმოადგენს სექსუალურ უმცირესობას. გასაგებია, მისაღებია თავის ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთან მართლმადიდებლობას რომ ასე დაეტაკო და იმის გამო, რომ ჩვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარს არ ვუჭერთ, ამის გამო თქვა, რომ მუხრუჭია დემოკრატიის და ახალგაზრდები მართლმადიდებლობასთან და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვერაფერს ისწავლიან, ეს არ არის სწორი მიდგომა და ამიტომ შევშფოთდი. მათთვის მისაღებია ეტყობა ეს. ბატონო როთ, ეს არის მართლმადიდებლური სახელმწიფო, ჩვენ ვამაყობთ ამით, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით. განმარტება არის, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა. ამიტომ, ჩვენ ამ ერთობას არ დავარღვევთ, რადგან მგონია, რომ თუ საქართველო არ იქნება მართლმადიდებლური, ტრადიციებზე დამყარებული, უფროსის პატივისცემაზე, ქალის, კაცის პატივისცემაზე, მათ შორის რელიგიური უმცირესობები, სექსუალური უმცირესობები, ამაზე კანონიც გვაქვს მიღებული, მაშინ ეს საქართველო არ იქნება. ძალიან გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს მართლმადიდებლობას, ჩვენს ტრადიციებს და ქვეყანას. ის განცხადებები, რაც ბატონმა როთმა გააკეთა მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით, არის მიუღებელი. მართლმადიდებლობა არ არის მუხრუჭი, ეს არის ქრისტიანობა, რომლითაც დღეს თავს რომ იწონებთ ევროპა, ჩვენმა წინაპრებმა იომეს საუკუნეების განმავლობაში, რომ თქვენ დღეს ყოფილიყავით იქ, სადაც ხართ. პატივი ეცით უძველეს ერს, ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა გუშინ განაცხადა: „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.