ირაკლი ზარქუა - ეკატერინე ტიკარაძე ყველაფერს აკეთებდა, რომ ჯანდაცვის სექტორში ყოფილიყო დისციპლინა, ადამიანებზე ორიენტირებული სერვისი და ფასები
ეკატერინე ტიკარაძე ყველაფერს აკეთებდა, რომ ჯანდაცვის სექტორში ყოფილიყო დისციპლინა, ყოფილიყო ადამიანებზე ორიენტირებული სერვისი და ფასები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ირაკლი ზარქუამ ეკატერინე ტიკარაძე მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისა და იმ რეფორმებისთვის, რომელიც განახორციელა.
„უპირველეს ყოვლისა ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის და მინისტრის გადაწყვეტილებას. თავისი ხედვა აქვს თავისი შეხედულება აქვს და შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა ვცეთ. მინდა, ქალბატონ ტიკარაძეს მადლობა ვუთხრა, მათ შორის გაწეული შრომისა და რეფორმებისთვის. თქვენ იცით. 520-ე დადგენილება, რომელმაც გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია ამ სექტორში. ეს ემსახურებოდა იმას, რომ სამედიცინო სფეროში არაადეკვატურად გაზრდილი ფასები დაბალასებულიყო, სამართლიანი ტარიფები ყოფილიყო და ეს ჩვენ შევძელით. ამის მაჩვენებელია ის, რომ 50 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო შეღავათი აღმოჩნდა ამ რეფორმის შემდეგ. ასევე დაახლოებით 6 მილიონ ლარით ნაკლები გადაიხადეს ჩვენმა მოქალაქეებმა. გარდა ამისა, ქალბატონ ტიკარაძეს უნდა ვუთხრათ მადლობა – სოფლის ექიმები, ექთნები, ამბულატორიების აღჭურვა, თქვენ გახსოვთ რა გამოწვევების წინაშე ვიდექით, სოფლად ექიმების და შესაბამისი სამედიცინო პუნქტების აღჭურვილობასთან დაკავშირებით. ეს მიღწეულია ასე თუ ისე აღჭურვილნი არიან, დაკომპლექტებული არიან კომპეტენტური თანამშრომლებით, ასევე მნიშვნელოვანია სახელფასო განაკვეთები, რომლებიც უთანაბრდება მათ შორის სასწრაფოების მიმართულებით. ამიტომ ეს არის საფუძველი, რომ ვთქვათ ნამდვილად მაქსიმუმს აკეთებდა ეკატერინე ტიკარაძე ამ სექტორში ყოფილიყო დისციპლინა, ყოფილიყო ადამიანებზე ორიენტირებული სერვისი და ფასები“, – განაცხადა ზარქუამ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა.