ირაკლი ზარქუა - ე.წ. პრეზიდენტი მადამ მავნებელი გახდა, არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტად ყოფნის ექვსწლიანი ვადა ამოწურა
კონსტიტუციის დამრღვევი ე.წ. პრეზიდენტი მადამ მავნებელი გახდა, ის არ არის საქართველოს ინტერესების გამომხატველი, ამიტომაც ვზღუდავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამას „მავნებლობით, კონსტიტუციის დარღვევისა და უცხოელი პატრონების დავალების შესრულების გამო იმსახურებს“.
ვაკვირდებით, რომ კონსტიტუციის დამრღვევი ე.წ. პრეზიდენტი მადამ მავნებელი გახდა. ის დღემდე არ ნიშნავს ელჩებს, მათ შორის ევროპის სახელმწიფოებში. ასევე ხელს არ აწერდა და ბოლოს ვაიძულეთ, რომ ამნისტიაზე ხელი მოეწერა. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებულ კანონს საერთოდ არ მოაწერა ხელი, ეს ყველაფერი მავნებლობაა. ამიტომ, არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტად ყოფნის ექვსწლიანი ვადა ამოწურა – ის ისეთი სტატუსით უნდა წავიდეს, რომ საქართველოს მოსახლეობამ და მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა გადააყენა. ეს არის ის, რასაც მავნებლობით, კონსტიტუციის დარღვევისა და უცხოელი პატრონების დავალების შესრულების გამო იმსახურებს.
გახსოვთ, როცა კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვიყავით, როგორი რიტორიკა მოდიოდა ევროპარლამენტარებისგან, ევროსაბჭოსგან და ცალკეული ქვეყნების პრეზიდენტებისგან, იყო მუქარების წერილები, მაგრამ ჩვენ სტატუსი ღირსებით, დამსახურებულად მივიღეთ და გავიმარჯვეთ. ჩვენ რომ მათთვის დაგვეჯერებინა, ისეთი ნაბიჯები უნდა გადაგვედგა, რაც ქართველობისთვის დამამცირებელი იქნებოდა. მეორე ფრონტი საქართველოს ინტერესებში არ არის, რისკენაც გვიბიძგებდნენ და რასაც გვთხოვდნენ. ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დამცველი უნდა ყოფილიყი და როდესაც კანდიდატის სტატუსით მოლოდინში ვიყავით, პარლამენეტში თქვა, რომ ფსევდორეფორმები ტარდებოდა. ეს ქართველების ინტერესებში იყო? – არა. პრეზიდენტი უცხოეში ყველას ტყუილს, არასწორ ინფორმაციას აძლევს, შემდეგ აქ ჩამოდის და ჩვენც გვატყუებს, მავნებლობს. ეს პრეზიდენტი არის მავნებელი, ის არ არის საქართველოს ინტერესების გამომხატველი და ამიტომაც ვზღუდავთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ამასთან, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის ქარტიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„რა პრემიერი უნდა წარადგინოს, ამის უფლებამოსილება არ აქვს. რა ტექნიკური მთავრობა? მოსახლეობამ თუ გადაწყვიტა, რომ ამ უსამშობლოებს უნდა დაუჭიროს მხარი, მაშინ რატომ ტექნიკური მთავრობა, შემდეგ მადამ მავნებელი მთავრობას თავად დააკომპლექტებს უცხო დაკვეთით? ეს ყველაფერი სიგიჟეა. ერთმანეთშიც კი ვერ თანხმდებიან და ვერ გაურკვევიათ, ვის რა ღირებულება აქვს. მათი კოალიციური მთავრობა ვნახეთ, რას წარმოადგენს. სიებიც ვნახეთ, ვაჭრობა გახსნეს, ვინ რა პოზიციაზე იყოს. ამათი მმართველობა ჩვენს მტერს. 26 ოქტომბერს ყველა ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე წავა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.