ირაკლი ზარქუა - დარწმუნებული ვარ, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში, იმის გამო თუ გვსჯიან, რომ საქართველო გავაძლიერეთ, მზად ვარ, დამასანქცირონ
დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. იმის გამო თუ გვსჯიან, რომ საქართველო გავაძლიერეთ, მზად ვარ, დამასანქცირონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ირაკლი ზარქუას კითხვა დაუსვეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს საკითხიც უნდა განიხილონ.
„საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც იკრიბებიან, თუ გვეტყვიან, ამ პატარა ქვეყანას, რომლის მიმართაც დიდი ინტერესია ყველა მხრიდან – დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, რატომ არ აქვს უფლება, ასჯერ ნაკლები სიმსუბუქის კანონი მიიღოს, ამაზე პასუხს თუ მივიღებთ ბორელისგან, საგარეო საქმეთა მინისტრებისგან, ევროკომისრებისგან, შემდეგ უკვე თამამად მოდით და ვილაპარაკოთ. კანონი მიიღეს ფრანგებმა, ამუშავებენ კანადელები, ამერიკას ჩვენზე გაცილებით მკაცრი კანონი აქვს, აგენტების რეესტრი ჰქვია. სტრატეგიულ პარტნიორებს დამოუკიდებელი საქართველოს ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ მოეწონათ და ამის გამო, როგორც ამბობენ, კანონმდებლები დაგვასანქცირა. ჯერ არ გადამიმოწმებია, ჩავალ ამერიკაში და გეტყვით, სანქციების ქვეშ მოვხვდი თუ – არა. ასე ხომ განაცხადეს, თქვეს, ანუ გესმით რა „სამართლიანობის ზეიმთან“ გვაქვს საქმე.
ევროკავშირი მუშაობს იმ მესიჯბოქსებით, რითიც ამერიკელი პარტნიორები მოქმედებენ. სავარაუდოდ იქაც მიიღეს, რომ დავსაჯოთო. რატომ? რის გამო? ერთო არგუმენტი მაინც გვითხრან. მზად ვართ, ღია, საჯარო დისკუსიებისთვის, უბრალოდ აგვიხსნან, რის გამო. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, წესით, უნდა გამოფხიზლდეს ევროპა და თავიანთ ეროვნულ ღირებულებებზე გააკეთონ აქცენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აგერ შედეგი, რაც მიიღეს. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებიც თავის შედეგს გვანახებს. ჩვენ დავიცავით და ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენი ხალხის ნებას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ამისთვის გახდა საჭირო, მიგვეღო კანონი. საქართველომ რა დააშავა? თუ იმის გამო გვსჯიან, რომ საქართველო გავაძლიერეთ, მზად ვარ, დამასანქცირონ. პირადად მე არ მაქვს პრობლემა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.