ირაკლი ზარქუა და ალეკო ელისაშვილი აცხადებენ, რომ პენსიონერებისთვის სესხის პროცენტი შემცირდება და პროცენტის დაწესების ზედა ზღვარი დაწესდება
პენსიონერებისთვის სესხის პროცენტი შემცირდება და პროცენტის დაწესების ზედა ზღვარი დაწესდება, – ამის თაობაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ და ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ისაუბრეს.
მათი ცნობით, სესხის პროცენტის შემცირება მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან მოხდება და მაქსიმალური ზღვარი 26 პროცენტი იქნება, რაც დღეს 36 პროცენტია.
დეპუტატების თქმით, ამ ზღვარზე მაღალი პროცენტის დაწესება კანონმდებლობის დონეზე აკრძალული იქნება.
სესხის პროცენტის შემცირების ინიციატივა „მოქალაქეებს“ ჰქონდათ, რომელთაც საკითხზე უმრავლესობასთან ერთად იმუშავეს.
ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს უფრო გაუმჯობესებული პირობებით მოემსახურება. მათ შორის, ანგარიშზე თანხის შეტანა-გამოტანა ისევ უფასო იქნება ისევე, როგორც კომუნალური გადასახადების გადახდა.
„სესხების ზედა ზღვარი იქნება 26 პროცენტი. 35-36 პროცენტში იღებდნენ. მგონია, რომ ეს კარგი შედეგია და იმის მაგალითია, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთად იმუშაონ მოსახლეობის ინტერესებზე. ეს კარგი შედეგია ერთობლივი მუშაობის“, – დასძინა ზარქუამ.
თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგ მეორე შემთხვევა იყო, როცა ერთად რაღაც გამოუვიდათ.
„შევძელით, რომ ბანკი პენსიონერებს აღარ გაძარცვავს. არაადამიანურ პროცენტში არათუ აღარ მისცემს, ვეღარ მისცემს. ეს პენსიონერებს არ გაამდიდრებს, მაგრამ ეს იქნება წინ ერთი ნაბიჯი, რომ ყოფა შეუმსუბუქდეთ და ეს წარსულს ჩაბარდება“, – დასძინა ელისაშვილმა.