ირაკლი ზარქუა - ბორელი ამბობს, საქართველო უნდა დავსაჯოთო, კითხვას რომ უსვამენ საფრანგეთის გაცილებით მკაცრ კანონზე, დუმს, ასეთი უხერხულობა უამრავი შეექმნებათ
ჭრელია ოპოზიცია და ევროპარლამენტარებიც, ზოგი სამართლიანად აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს უფლება, სუვერენიტეტისთვის იბრძოლოს, დანარჩენები დაკვეთით მოქმედებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ევროპარლამენტარებს უსამართლობას და არაობიექტურობას ევროპელი ხალხი არ აპატიებს.
„თქვენ ნახეთ, რომ იმ საგარეო საქმეთა მინისტრებშიც განსხვავებული პოზიციაა. ჩვენ მოვისმინეთ სამართლიანი, ობიექტური განცხადებები, თუ არ ვცდები, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ისევე როგორც ჭრელია ოპოზიცია, ჭრელი არიან ევროპარლამენტარები, ჭრელია საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიციებიც. ზოგი სამართლიანად, ობიექტურად აფიქსირებს პოზიციებს საქართველოსთან მიმართებით, რომ ამ ქვეყანას აქვს უფლება დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის იბრძოლოს. ლეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღოს ის კანონები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის. ეს არის ობიექტურობა და სამართლიანობა, თუმცა არიან დანარჩენები, ვინც დაკვეთით მოქმედებენ, მესიჯბოქსებით, რასაც ჩაუგდებენ, მაგალითად, „გლობალური ომის პარტიიდან“ და სწორედ იმას ახმოვანებენ.
ბორელი საქართველოზე ამბობს, უნდა დავსაჯოთ ეს ქვეყანაო, თავისი სანქციებით და ა.შ. და იქვე კითხვას რომ უსვამენ, კი მაგრამ, საფრანგეთმა რომ მიიღო ამაზე გაცილებით მკაცრი კანონიო? მანდ დუმს, ასეთი უხერხულობა უამრავი შეექმნებათ. ფოტიგა, გახსოვთ, როგორ გვემუქრებოდა, რომ თქვენ ევროპარლამენტს ვერ გაეკარებით, გამოუშვით სააკაშვილიო. ფოტიგა სად არის? მიღმა დარჩა. აი, ასე დარჩებიან, სად არის გერმანელი, ჩემი ვიოლა, სად არის, მიტინგებს რომ გვიწყობდა ლეგიტიმურ ხელისუფლებას, სააკაშვილი გამოუშვით, თორემ ვერ ეღირსებითო. ქალბატონო ვიოლა, დარჩი ევროპარლამენტის მიღმა? შენმა ამომრჩეველმა გითხრა უარი, ისევე როგორც თქვენს პარტიას, რადგან უსამართლობას, არაობიექტურობას თვითონ გერმანელი ხალხიც არ გაგიტარებთ, ისევე როგორც დანარჩენი ევროპელები. საფრანგეთზე არაფერს ვამბობ“, – აღნიშნა ზარქუამ.
ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში შესაბამისი კანონები იქნება მიღებული და სამართლიანი, ობიექტური არჩევნებიც ჩატარდება.
„ჩვენ ვმუშაობთ ქართული საზოგადოების დაკვეთით, ჩვენ ვიცავთ ქართულ ინტერესებს. ქართული ინტერესები არის ომის არდაშვება, ეკონომიკურ ზრდაზე აქცენტის გაკეთება, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის უფრო გამტკიცება, სამართლიანი, ობიექტური არჩევნების ჩატარება, ასევე მართლმადიდებლობა, ოჯახის სიწმინდე, ოჯახური ღირებულებების დაცვა და ჩვენ ამას გავაკეთებთ. რაც არ უნდა დაგვასანქცირონ და დაგვემუქრონ, სააკაშვილი იქნება იქ, სადაც არის, არაფერი უჭირს. იქ იქნება ჯანმრთელად და სასჯელს მოიხდის ბოლომდე, ეს ერთი; მეორე, ევროინტეგრაციის მიმართულებით კიდევ მეტ კანონებს მივიღებთ, რაც გვიწევს ჰარმონიზების ნაწილში, სამართლიან, ობიექტურ არჩევნებსაც ჩავატარებთ, ოჯახურ ღირებულებებსაც დავიცავთ. მართლმადიდებლური საქართველო იქნება ამ რეგიონის მშვიდობიანი გარანტი“, – განაცხადა ზარქუამ.