ირაკლი ზარქუა - ჩემთვის ცოტა გაუგებარია საელჩოების განცხადება, რეალობას არის აცდენილი
გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება კონსენსუსით მოხდა. ცვლილებებს ყველა პარტიამ მხარი დაუჭირა და რბილად რომ ვთქვა, ამის ფონზე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია საელჩოების განცხადება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, საელჩოების განცხადება რეალობას არის აცდენილი.
მთელი რიგი პუნქტებია, სადაც საუბარია საარჩევნო ბარიერის ორ პროცენტამდე დაწევაზე, შემდეგი ორი არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებაზე, ასევე ფრაქციების ოთხი ადამიანით შექმნაზე. ოპოზიციის რომელიმე ნაწილი ამ ცვლილებების წინააღმდეგი ყოფილიყო, მხარს არ დაუჭერდნენ. მათთვის მნიშვნელოვანი არ იყო გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი, მათთვის პრიორიტეტი იყო ბარიერის არჩევა. დანარჩენი არის მცდელობა, რომ პროცესების დრამატიზება მოახდინონ. მოსახლეობის გადაწყვეტილებაა, როგორი კონსტიტუცია გვექნება.
მეგობრებს მადლობა რჩევისთვის, მაგრამ სადაც პრობლემა არ არის, იქ არ უნდა შევქმნათ. ამ ქვეყნის მომავალი უკავშირდება ევროკავშირს და ეს კონსტიტუციაში ავსახეთ. რადიკალურ ოპოზიციას სამი თვის განმავლობაში 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია და სხვათა შორის, ცალკეული საელჩოების მხრიდან მათ მიმართ ასეთი მკაცრი განცხადებები არ მახსოვს, რაც ეკუთვნოდათ. როცა აქცენტირება კეთდება გენერალური პროკურორის არჩევაზე კვალიფიციური უმრავლესობით, რაც უნდა შემდგარიყო 2026 წელს, ეს მგონია, რომ აცდენილია. ეს შეიძლება ვიღაცას ეწყინოს და ვიღაცას – არა. თუ მოლოდინი აქვთ საელჩოებს, რომ 2026 წელსაც ჩვენ ვიქნებით, მაშინ კი ბატონო, ჩვენც ასე გვჯერა და გვწამს, მაგრამ მაინც მგონია, რო უსაფუძვლო იყო განცხადებაა, როცა ყველა პარტიის მხრიდან იყო კონსენსუსი“, – განაცხადა ზარქუამ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა. „პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ეჩმა, კარლ ჰარცელმა. „ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.