ირაკლი ზარქუა - არახამიას ინიციატივაა, სააკაშვილი პატიმრობიდან დაიხსნან, არ გამოვრიცხავ, ფული ჰქონდეს აღებული, ამაზე წამსვლელია, რადგან უსამშობლო კაცია
ირაკლი ზარქუა - არახამიას ინიციატივაა, სააკაშვილი პატიმრობიდან დაიხსნან, არ გამოვრიცხავ, ფული ჰქონდეს აღებული, ამაზე წამსვლელია, რადგან უსამშობლო კაცია

დავით არახამიას ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან დაიხსნან, არ გამოვრიცხავ, ფული ჰქონდეს აღებული, ამაზე წამსვლელია, რადგან უსამშობლო კაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უკრაინის რადაში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე ინიციირებულ პროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, არახამიასა და გორჩარენკოსნაირები არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები, შემთხვევით მოხვედრილი რადასა და უკრაინის პოლიტიკაში.

„არახამიასა და გორჩარენკოსნაირები რაც უნდა ინიციატივით გამოვიდნენ, ჩვენთვის უინტერესოა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც თავიანთ ქალაქში, ქუჩაში ვერ გამოდიან. გინახავთ, არახამია სადმე იბრძოდეს? ან ერთი, ან მეორე იარაღით ხელში სადმე გინახავთ? ესენი არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები, შემთხვევით მოხვედრილი რადასა და უკრაინის პოლიტიკაში. ვინ არიან და რას წარმოადგენენ, ამას უკრაინელი ხალხი უკვე კარგად აცნობიერებს. უსამშობლოების გაერთიანებაა, უკრაინის რადაში მოხვედრილი. მათი ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან დაიხსნან. არ გამოვრიცხავ, არახამიას ფული ჰქონდეს აღებული, ამაზე წამსვლელია, რადგან უსამშობლო კაცია, რომელსაც არაფრად ადარდებს არც უკრაინის და არც საქართველოს ბედი. ქართველი ვარო და ქართველ ხალხს რუსულად გველაპარაკება“, – განაცხადა ზარქუამ.

ზარქუას თქმით, ყველა სახელმწიფო თავისი ინტერესებით მოქმედებს და ნატო-მ ეს კიდევ ერთხელ ცხადყო.

„უკრაინელი ხალხის ტრაგედიას რასაც ვხედავთ, ეს ჩვენ გამოვლილი გვაქვს. რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე ტერიტორიების დაკარგვა, ახალგაზრდების დაღუპვა, ნატო-ს გაუბედავი ნაბიჯები, ეს ყველაფერი 2008 წელს გამოვიარეთ, როცა გვიფუთავდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ მაპ-ზე უკეთესი მივიღეთო. გული მტკივა, რადგან ზუსტად ვიცოდით, ეს ასე დასრულდებოდა. უკრაინას გამძლეობას, მშვიდობას და ომის მალე დასრულებას ვუსურვებ, რადგან ამას ალტერნატივა არ გააჩნია. ყველა სახელმწიფო თავისი ინტერესებით მოქმედებს და ნატო-მ ეს კიდევ ერთხელ ცხადყო. ყველას თავისი ინტერესი აქვს. საქართველო მზად არის ნატო-ს წევრობისთვის, მაგრამ ნატო არ არის მზად. როცა ნატო გაბედული იქნება, მაშინ იქნება უკრაინისა და საქართველოსთვის მეტი უსაფრთხოება“, – აღნიშნა ზარქუამ.