ირაკლი ზარქუა - ამერიკის ელჩს ვეკითხები, დაიბრუნა წვდომა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, თუ ისევ „ნაცებს“ აქვთ გადაცემული? ამას არ გავატარებთ, შიდა საქმეებში ჩარევა „არ მოსულა“
ამერიკის ელჩს ვეკითხები, დაიბრუნა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე წვდომა, თუ ისევ „ნაცებს“ აქვთ გადაცემული? ამას არ გავატარებთ. შიდა საქმეებში ჩარევა „არ მოსულა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქარდებს გამოეხმაურა.
„ელჩებმაც იციან, რომ რასაც აკეთებენ, ეს უხეში ჩარევაა შიდა საარჩევნო კამპანიაში. რატომ? – ხვდებიან რა, რომ მათი აგენტურა ვერ იმარჯვებს, ხელისუფლებაში ვერ მოდიან და ამ პროცესში პირადად არიან ჩართული. ამერიკის ელჩს ვეკითხები, დაიბრუნა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე წვდომა, თუ ისევ „ნაცებს“ აქვთ? – ჩვენს მოქალაქეებს სწორედ ეს განცდა აქვთ. დაიბრუნეს თუ ისევ მათ აქვთ გადაცემული? – ამას არ გავატარებთ. შიდა საქმეებში ჩარევა „არ მოსულა“ არც ურთიერთობაში, არც პარტნიორობაში, არც მეგობრობაში. ჩვენც შეგვიძლია იმ უმსგავსობაზე საუბარი, რაც მათ ქვეყნებში ხდება. რაღა შორს წავიდეთ, ამერიკაში საპრეზიდენტო კანდიდატს ორჯერ ესროლეს. ასეთი წინასაარჩევნო გარემო როგორია? – აღმაშფოთებელია. ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს. უამრავი უხეში დარღვევა აქვთ, მათ შორის ტელევიზიებიდან ცნობილი ჟურნალისტები განსხვავებული აზრის გამო გამოაგდეს. სენატორები და კონგრესმენები ერთმანეთს ამხელენ იმ ტრაგედიებსა და უბედურებაში, რაშიც არიან. ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს შიგნით რაც იქნება. ჩვენ კიდევ მორალს გვიკითხავენ და ჭკუას გვასწავლიან“, – განაცხადა ზარქუამ.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება ხელისუფლებაში.
„მათ შიდა საქმეებში ჩარევას არ ვიკადრებთ. ქართველებს მოგვცენ უფლება, თავად გადავწყვიტოთ, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ილაპარაკებს საქართველოს სახელით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.