ირაკლი ზარქუა - ამ უსამშობლოებს თუ უნდათ, ბარიერს მიღმა არ დარჩნენ, რამდენიმე კვირა უნდა გამოიყენონ და პარლამენტში იარონ, ბოიკოტით ხელფასი უნარჩუნდებათ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს თუ უნდათ, რომ ამომრჩეველს რაიმე პოზიტიური დაანახონ, რათა ბარიერს მიღმა არ დარჩნენ, მაშინ რამდენიმე კვირა უნდა გამოიყენონ და პარლამენტში იარონ.
მისი თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს ბოიკოტით ხელფასი უნარჩუნდებათ.
„ეს უსამშობლოები საპარლამენტო არჩევნებზე გვეუბნებოდნენ, რომ გაყალბდაო და ამის ერთი პროცენტიც ვერ წარმოადგინეს. პარლამენტში დაახლოებით ერთი წელი არ დადიოდნენ, რაიმე დაშავდა, ბიუჯეტი ვერ მივიღეთ, ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს მაღალი თუ პენსიები ვერ გავზარდეთ? ეს უსამშობლოები რომ დადიოდნენ, რას აკეთებდნენ? თუ უნდათ, ამომრჩეველს რაიმე პოზიტიური დაანახონ, რომ ბარიერს მიღმა არ დარჩნენ, მაშინ რამდენიმე კვირა უნდა გამოიყენონ და იარონ. ბოიკოტი კი არა, დატოვონ პარლამენტი – ბოიკოტი რად უნდათ, ხელფასი რომ შეინარჩუნონ? ვის ატყუებენ, ამომრჩეველს? ბოიკოტით ხელფასი უნარჩუნდებათ და აბა, რომელი აარჩიეს, ბოიკოტი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა „სტრატეგია აღმაშენებელიც“. ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს არ უერთდება.