ირაკლი ზარქუა - აგონიაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციას პროცოკაციაზე აწყობს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლიც მიხედვითაც, თბილისის ერთ-ერთ სკვერში, მშენებლობის გამო, ხეებს ჭრიან.
ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბელადის დაკარგვის გამო აგონიაშია.
„ჩვენი ოპონენტები პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობენ. როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც ბელადი დაკარგეს, რომელიც საქართველოს ფრონტიდან დროებით სხვა მიმართულებაზე გადაერთო, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა სიმწვავე მოაკლდეს. რაც დრო გადის, ისინი საერთოდ ცდებიან რეალობას,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
რაც შეეხება კონკრეტულ თემას, რომ სკვერში მშენებლობა მიმდინარეობს და ამის გამო, ჯანსაღ ხეებს ჭრიან, საკრებულოს უმრავლესობის წევრი მტკნარ სიცრუეს უწოდებს.
„ეს რომ სიცრუე, დოკუმენტებითაც დასტურდება. სკვერში მიმდინარეობს სტანდარტული, გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული, სანიტარული ჭრები. ასეთი ჭრები გაგრძელდება ყველგან, სადაც საჭირო იქნება. ამ ჭრებს არანაირი კავშირი არ აქვს მშენებლობასთან. თავად ეს მშენებლობა კი, სხვა საკადასტრო მიწის ნაკვეთზეა, სადაც 8 ხეა განთავსებული. ყველა მათგანი შენარჩუნებულია და ამის გარდა, კეთდება დიდი სკვერი, სადაც დამატებით კიდევ 12 ხე დაირგვება. ასე რომ, საერთოდ განსხვავებულ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად ცრუ ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობა“. მათი სურვილია საზოგადოების კიდევ უფრო შეცდომაში შეყვანა,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ასევე ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ კონკრეტულ მშენებლობასთან დაკავშირებით ზონის ცვლილება მოხდა.
„არც ფუნქციური ზონა შეცვლია და არც კოეფიციენტი მომატებია. ეს არის საქმიანი ზონა, რომელიც ითვალისწინებს მაღალ განაშენიანებას და არანაირი კავშირი არ აქვს სკვერთან,“- განაცხადა საკრებულოს წევრმა.