ირაკლი ზარქუა - აღმოჩნდა, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩს ევროინტეგრაციის გზაზე უნარ-ჩვევები, ხედვა, გამოცდილება არ ჰქონდა, ის არ შეესაბამებოდა თანამდებობას და ამიტომ იყო გაწვეული
სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნარ-ჩვევები, ხედვა და გამოცდილება არ ჰქონდა. საფრანგეთის საელჩოში, გუნდში, შიგნით სავარაუდოდ გარკვეული გაუცხოება ჰქონდა და ის გამოიწვიეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა გამოეხმაურა საფრანგეთში საქართველოს ელჩის თეა კატუკიას განცხადებას, სადაც ამბობს, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას ზეწოლის გამო ტოვებს.
ზარქუას თქმით, კატუკია არ შეესაბამებოდა თანამდებობას და ამიტომ იყო გაწვეული.
„როგორც ინფორმაცია მაქვს, კატუკია საგარეო საქმეთა სამინისტროს კარიერული წარმომადგენელი არ იყი, ის იყო სალომე ზურაბიშვილის მეგობარი და საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე მისი გადაწყვეტილებით დაინიშნა. სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნარ-ჩვევები, ხედვა და გამოცდილება არ ჰქონდა. საფრანგეთის საელჩოში, გუნდში, შიგნით სავარაუდოდ გარკვეული გაუცხოება ჰქონდა და ის გამოიწვიეს. ის, რომ მნიშვნელოვან პოზიციებზე არაკომპეტენტური კადრები არ უნდა დაინიშნონ, სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ, რომ კომპეტენციები გაიმიჯნოს, ვის რისი უფლება აქვს. კატუკიას მიმართ პატივისცემის მიუხედავად გეტყვით, რომ ის არ შეესაბამებოდა მის თანამდებობას და ამიტომ იყო გაწვეული“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.