ირაკლი ზარქუა - ადეიშვილისნაირები ევროპაში ოფიციალურ შეხვედრებში როცა მონაწილეობენ, გაგვიჭირდება, მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ევროკავშირი არის სამართლიანობა, კანონის უზენაესობა
ირაკლი ზარქუა - ადეიშვილისნაირები ევროპაში ოფიციალურ შეხვედრებში როცა მონაწილეობენ, გაგვიჭირდება, მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ევროკავშირი არის სამართლიანობა, კანონის უზენაესობა

ადეიშვილისნაირები ევროპაში თავისუფლად როცა მოძრაობენ, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობენ, გაგვიჭირდება, ჩვენს მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ევროკავშირი არის სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, გერმანიასა და ბრიუსელში უკრაინის დელეგაციის ვიზიტზე, რომლის შემადგენლობაშიც ზურაბ ადეიშვილიც იმყოფებოდა, საქართველოს მთავრობას სამართლიანი რეაგირება ჰქონდა.

„მყისიერი, სამართლიანი რეაგირება გვქონდა უკრაინის დელეგაციის ვიზიტზე, რომელიც განხორციელდა ევროპაში, მათ შორის გერმანიაში, ბრიუსელში და სადაც საქართველოს მიერ ძებნილი, არაერთ დანაშაულში მხილებული ადეიშვილი მონაწილეობდა. ეს მიდგომები არ ამკობს ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს, რომ არაფერი ვთქვათ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე და ცალსახად დასაგმობი იყო. მომავალში მსგავს ღონისძიებას, სადაც საქართველოში ძებნილი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას, არ უნდა მიეცეს გასაქანი და არ უნდა იყოს მხარდაჭერილი. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ჩვენს პარტნიორს და ვუთხრათ, რომ ადეიშვილისნაირები თავისუფლად როცა მოძრაობენ ევროპაში, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობენ, ჩვენს მოსახლეობას ნამდვილად ვერ ავუხსნით, გაგვიჭირდება, ავუხსნათ, რომ ევროკავშირი არის სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ჩამკეტი ამ არასწორი პოლიტიკის და ყველამ პატივი ვცეთ საქართველოს კანონმდებლობას, მართლმდაჯულებას, ქართველი ხალხის ნებას. არაერთხელ მიგვიმართავს უკრაინული მხარისთვის, სადაც თავს აფარებენ ეს კრიმინალები, გადმოეცათ ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, რომლებიც ეჭვმიტანილი არაინ და, რიგ შემთხვევებში, დადასტურებულია, რომ დანაშაულს ჩადიოდნენ ქვეყნის, ქართველი ხალხის წინაშე. არის მიმდინარე თემებიც, რომლებიც განხილვას ექვემდებარება და სასამართლოები ახლაც მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამასთან, როგორც ზარქუამ აღნიშნა, უკრაინულ მხარეს ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდებენ.

„უკრაინულ მხარეს მოვუწოდებთ, მოვახდინოთ ურთიერთობების ნორმალიზება. იმ პრობლემების, ტრაგედიების, რაც უკრაინის მთავრობას და უკრაინელ ხალხს დაატყდა, თავს ვიკავებდით ჩვენ მიმართ ბევრი უმსგავსო და უსამართლო დამოკიდებულების დროს. რუსეთი როცა თავს დაესხა უკრაინას, ჩვენი ელჩი ბოლო დღემდე იყო ადგილზე და ემსახურებოდა ქართულ-უკრაინულ დიპლომატიას. სხვა ევროპული სახელმწიფოების ელჩები როცა უკვე გახიზნული იყვნენ, ჩვენს ელჩს უკრაინა არ დაუტოვებია. მეომრები რომ არ გავაგზავნეთ, ამის გამო ჩვენი ელჩი დაითხოვეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად თავს ვიკავებდით, რადგან მიგვაჩნია, რომ უკრაინელ ხალხს ახლა სჭირდება მხარდაჭერა და არა გაკიცხვა, მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს. უკრაინის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ის კრიმინალები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გადმოგვცენ და მოვახდინოთ ურთიერთობების ნორმალიზება. მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინელ ხალხს და მათ მშვიდობას ვუსურვებთ. ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტის, პოროშენკოს ხელისუფლების დროს კრიმინალი სააკაშვილი უკრაინაში ერთ-ერთ ჩინოვნიკად იყო და დღემდეც პრეზიდენტის მრჩეველია. სააკაშვილი, რომელიც არაერთ მძიმე თემაშია ეჭვმიტანილი და დადასტურებულია მისი ბრალეულობა. ანალოგიურად არის ადეიშვილი, მრჩეველია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საპროკურორო მიმართულებით, და ადეიშვილი რომ რეფორმებს ჩაატარებს, ვიცით, რა უნდა იყოს შედეგი. ლორთქიფანიძე ერთ-ერთი თანამდებობის პირია დაზვერვის მიმართულებით. ეს ადამიანები არიან კრიმინალები და იძებნებიან საქართველოში ჩვენი მართლმსაჯულებით. მიუღებელია, მათ რომ თანამდებობაზე ნიშნავ, ეს არ ამკობს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, ჩვენს ხალხთაშორის მეგობრობას, რომელიც, ვინ მოთვლის, რამდენ წელს და საუკუნეს ითვლის“, – აღნიშნა ზარქუამ.