ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ფართებს გამოუყოფენ
ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ფართებს გამოუყოფენ

დედაქალაქის საკრებულოს წევრი ირაკლი ზარქუა ირწმუნება, რომ ხელისუფლება ქაოტურ გარევაჭრობაში ჩართულ ფიზიკურ პირებს ბედის ანაბარა არ ტოვებს და პირიქით, ყველა მუნიციპალიტეტი მათთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე მუშაობს, რათა საკანონმდებლო ცვლილებები ნაკლებად მტკივნეული იყოს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ზარქუა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაპირდა, რომ თბილისში მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებას არ მოერიდებოდა, რადგან დედაქალაქის წინაშე გამოწვევები დგას.

„ეს არის პარკინგი, ტაქსები, ქაოტური გარევაჭრობა და მშენებლობები. გარევაჭრობა 20 ლარით ჯარიმდება, რაც პრევენციის ისეთი საშუალება არ არის, რაც გარკვეულ ზეგავლენას მოახდენდა. მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ერთი მხრივ, პარკინგის ადგილებს იკავებენ, მეორე მხრივ კი, საცობებსა და ანტისანიტარიას ქმნიან.

ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ქაოტური და მოუწესრიგებელი, უნებართვო გარევაჭრობა წარსულს უნდა ჩაბარდეს. ეს ცვლილებები შეიძლება არაპოპულარული იყოს, მაგრამ როგორც პასუხისმგებლიანმა მთავრობამ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ჩვენი მიზანი არ არის, ვინმე დავაჯარიმოთ, ჩვენი ამოცანაა, მოწესრიგებული იყოს როგორც პარკინგი, ასევე გარევაჭრობა და განაშენიანება“, – განაცხადა ზარქუამ.

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვით, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, 50 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში, თუკი განმეორებით ქმედების ჩადენა მოხდება, ამაზე ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 1000 ლარი იქნება.

ამას გარდა, პროექტით, შენობათა ფასადებზე, ფეხით და სატრანსპორტო საშუალების სავალ ნაწილზე იერსახის დამახინჯებად განიხილება სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება, რაც 500 ლარის ნაცვლად 1000 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება განმეორებით იქნება ჩადენილი, ჯარიმა 1000 ლარის ნაცვლად, ისჯება 2000 ლარი იქნება. ამასთან, ცვლილებებით, შენობა- ნაგებობის ფერის შეცვლა 200 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თბილისის ტერიტორიაზე გარევაჭრობის განხორციელება ნებართვის გარეშე 20 ლარის ნაცვლად, 50 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედების ჩადენა მოხდება, 100 ლარის ნაცვლად, ჯარიმა 300 ლარი იქნება.