ირაკლი სიხარულიძე ბელარუსთან მატჩში დაშავდა და "ლოკომოტივს" ვერ დაეხმარება
ირაკლი სიხარულიძე თბილისის “ლოკომოტივს” ეროვნული საფეხბურთო ლიგის უახლოეს შეხვედრაში, 18 ნოემბერს, გორში “დილასთან” ვერ დაეხმარება.
ლიგის ბომბარდირმა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, 13 ნოემბერს კი ბელარუსთან პირველი გოლიც გაიტანა. თუმცა, ამ შეხვედრაში დაშავდა და დროებით დასვენება მოუწევს.
“ნაკრებში გოლის გატანაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და მიხარია, ეს ოცნება რომ ავიხდინე. მაგრამ ქუთაისის თამაშზე ტვინის შერყევა მივიღე. პირველ ტაიმის ბოლოსკენ მცველმა თავში ბუცი მომარტყა. ამას ყურადღება არ მივაქციე და თამაში გავაგრძელე. მერე და მერე ტკივილები გამიძლიერდა და ექიმმა წოლითი რეჟიმი დამინიშნა და 5 დღე დავისვენებ” – ამბობს სიხარულიძე.
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ჩატარებული 33 ტურის შემდეგ “ლოკომოტივის” თავდამსხმელმა 25 გოლი გაიტანა და ფაქტობრივად, ლიგის ბომბარდირობა გაინაღდა.