საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, ბექირ შაჰინს შეხვდა.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ ბექირ შაჰინს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბექირ შაჰინმა, თავის მხრივ, ქართველ კოლეგებს მისდამი დაქვემდებარებული უწყების საქმიანობასა და გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ირაკლი შოთაძემ სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.