საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, სომხეთის გენერალური პროკურორის მოადგილე იეგიაზარ ავაგიანი და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პროკურატურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურორმა ქართველ კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა სომხეთის გენერალურ პროკურორს საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით ეფექტიან თანამშრომლობას.
„შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოთქვეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.