საქართველოს პროკურატურაში ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პროექტის ხელმძღვანელს, ტერი სქეიფს შეხვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, ირაკლი შოთაძემ ტერი სქეიფს ევროკავშირის პროექტის მიერ გაწეული ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროკურატურა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობას კვლავაც აქტიურად გააგრძელებს. შეხვედრაზე, ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურისა და ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები განიხილეს.
„საქართველოს პროკურატურამ პროექტის მხარდაჭერით, რომელიც ოთხი წლის მანძილზე მიმდინარეობდა, ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით არაერთი საინტერესო და ინოვაციური ინიციატივა განახორციელა. კერძოდ, შემუშავდა სახელმძღვანელო – „სტატისტიკური მიზნებისათვის დანაშაულის საერთაშორისო კლასიფიკაციებთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების შესაბამისობა“.
აღნიშნული ინიციატივის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში დამუშავებადი დანაშაულის სტატისტიკა შედარებადი გახდეს სხვადასხვა საერთაშორისო ქვეყნის მონაცემებთან; თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში აპრობირებული შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით დაინერგა სტატისტიკურ მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე სტანდარტები; ევროკავშირის პროექტის მიერ დაქირავებული ექსპერტის ჩართულობით დაიწყო Business intelligence გარემოს დანერგვა; ჩატარდა არაერთი სამუშაო შეხვედრა საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ სამსახურებს შორის, რომლის მიზანს ერთობლივი პროექტების ინიცირება და განხორციელება წარმოადგენდა.
ასევე, მეტად მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერა პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. პროექტმა უწყებას განსაკუთრებული მხარდაჭერა გაუწია პროკურატურის ახალი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში. მათთან თანამშრომლობით განხორციელდა ტრენინგი თემაზე „საჯარო პოლიტიკის ანალიზი სტრატეგიული დოკუმენტების გასაუმჯობესებლად – პოლიტიკის დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება“, რომლის საფუძველზეც პროკურატურის ახალი სტრატეგიის დოკუმენტები მთლიანად იქნება მორგებული თანამედროვე სტრატეგიის დოკუმენტის სტანდარტებს და პრინციპებს.
ადამიანური რესურსების მართვის სფეროს გაძლიერების მიზნით, პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.
პროექტის ფინანსური და ექსპერტული მხარდაჭერით შემუშავდა საქართველოს პროკურატურის საჭიროებებზე მორგებული 2-ეტაპიანი სასწავლო პროგრამა მენეჯერებისთვის თემაზე – „ორგანიზაციის მართვა“, რითაც პროკურატურაში მართვის თანამედროვე და ერთიანი მიდგომები დაინერგა.
ევროკავშირის პროექტთან თანამშრომლობით განხორციელდა სამართლებრივი წერის ახალი სტანდარტების დანერგვა, რომლის საფუძველზეც სწავლება ყველა პროკურორმა გაიარა. სწავლების შედეგად კი, პროკურატურაში საპროცესო დოკუმენტების შედგენის ახალი სტანდარტი დაინერგა.
ასევე, ხაზგასასმელია პროექტის როლი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის, პროკურატურის მუშაკთა ახალი ეთიკის კოდექსის, შშმ პირებთან კომუნიკაციის, თაღლითობებთან დაკავშირებული დანაშაულების, ნარკოტიკული დანაშაულის, EUROJUST-თან თანამშრომლობის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა აქტუალურ საკითხებზე ჩატარებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი აქტივობების მიმართულებით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტის მხარდაჭერა ელექტრონული პროდუქტების დანერგვის კუთხით. პროკურატურაში დაინერგა ტრენინგ საჭიროებათა ანალიზის ელექტრონული პროგრამა, რომელიც თითოეულ თანამშრომელს საშუალებას აძლევს ჩაერთოს ყოველწლიურ გამოკითხვაში და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია თუ რა მიმართულებით სურს კვალიფიკაციის ამაღლება და ასევე, ელექტრონულ ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია იურიდიული სფეროს სახელმძღვანელოები, სასამართლო გადაწყვეტილებები, სტატიები, შიდა რეკომენდაციები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ უდიდესი როლი საქართველოს პროკურატურის განვითარების და რეფორმების მიმართულებით და მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს“, – აცხადებენ პროკურატურაში.