ირაკლი შოთაძე - ამ ეტაპზე აფგან მუხთარლის საქმეზე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული იმის დასადასტურებლად, თუ რა მოხდა
საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე აფგან მუხთარლის საქმეზე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული იმის დასადასტურებლად, თუ რა მოხდა.
როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ფაქტზე გამოძიება თავდაპირველად შსს-ს ახორციელბდა, თუმცა შემდგომ აღნიშნული საქმე გამოსაძიებლად დაექვემდებარა გენერალურ პროკურატურას.
მისივე თქმით, საქმეზე ასეულობით მოწმე არის დაკითხული, ამოღებულია ასობით საათის ვიდეოჩანაწერები შესაბამისი ტერიტორიის პერიმეტრზე, სადაც შესაძლებელია რამე მომხდარიყო.
„ამ ეტაპზე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული იმის დასადასტურებლად, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა მოხდა. რაც შეეხება იმას, თუ ჩვენ დღესდღეობით რას ვაკეთებთ, ჩვენ გვაქვს სამართლებრივი დახმარებები გაგზავნილი აზერბაიჯანში და ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის მონაწილეობას. ასევე ვითხოვთ სასამართლოს, როგორც თქვენთვის ცნობილია დადგა გამამტყუნებელი განაჩენი მუხთარლის მიმართ საზღვრის უკანონო კვეთაზე შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, კონკრეტულად ამ განაჩენში რა იურიდიულ ფაქტებზეა საუბარი, რას დაეყრდნო ეს იურიდიული ფაქტები და მოსამართლე ამ განაჩენში”, – განაცხადა შოთაძემ.
მისივე თქმით, გამოძიების წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანიდან ინფორმაციის მიღება, თუმცა ამ ეტაპზე პროკურატურას პასუხი არ მიუღია.
„მუხთარლის დაკითხვასაც ვითხოვთ. მე არ ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილია, ვინაიდან გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, საქმის დეტალებზე ვისაუბრო, მუშაობდა თუ არა კამერები და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ამოღებულია ძალიან ბევრი ვიდეოჩანაწერი, ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მუხთარლის მეუღლეს და მის მიერ შერჩეულ ადვოკატს, სრული წვდომა აქვთ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე მათ შორის ვიდეომასალებთან. ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ გაცნობოდნენ საქმის მასალებს. ასევე მივეცით შესაძლებლობა, რომ ჩვენთვის მოეწოდებინათ მათი მოსაზრებები შესაძლო ჩასატარებელ საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებზე”, – განაცხადა შოთაძემ.