ირაკლი შოთაძე - დადასტურებულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები გაიხარჯა სააკაშვილის ფუფუნებისთვის, მათ შორის, კოსმეტიკურ პროცედურებსა და კულინარიულ ფანტაზიებზე
დადასტურებული ფაქტია, რომ მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებისთვის, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების საქმეებს შორის ერთ-ერთია.
მისი თქმით, ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც არამიზნობრივად დახარჯავს საბიუჯეტო სახელმწიფო ხარჯებს, რა თქმა უნდა, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და მოუწევს პასუხისგება.
„აქ საუბარია რვა მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. როდესაც ვიღაცები ცდილობენ, ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას, ეს სასაცილოა უბრალოდ, როდესაც საუბარია მილიონებზე. ფაქტია, და დადასტურებული ფაქტია, რომ მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებისთვის. მათ შორის, მისი მეგობრების ძვირადღირებულ კურორტებზე, ტაილანდზე დასვენებისთვის დაიხარჯა კოსმეტიკურ პროცედურებზე, დაიხარჯა მისი კულინარული ფანტაზიების დაკმაყოფილებაზე, როდესაც მზარეულები ჩამოჰყავდა უცხოეთიდან და ამაზეა საუბარი. ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მსგავს ხარჯს გასცემს, არამიზნობრივად დახარჯავს საბიუჯეტო სახელმწიფო ხარჯებს, რა თქმა უნდა წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და მოუწევს პასუხისგება.
მე შემიძლია გითხრათ, სამართლებრივად, თქვენ ელაპარაკებით გენერალურ პროკურორს და თითოეული ჩემი პასუხი არის სამართლებრივი. სამართლებრივად შემიძლია გიპასუხოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი, – ეს ერთი. რაც შეეხება მისი გადაყვანის საკითხს და მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ჩადენის შესაძლო ფაქტს, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად, დანიშნულია მთელი რიგი ექსპერტიზები, ჩატარებულია მთელი რიგი საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებები და კიდევ ჩასატარებელია. მას შემდეგ, რაც ამოიწურება ეს საგამოძიებო მოქმედებები, პროკურატურა მისცემს ამ ქმედებებს სამართლებრივ შეფასებას და საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ამასთან, როგორც შოთაძემ აღნიშნა, ამ ეტაპამდე დადგენილია, რომ საქმე ეხება რვა მილიონი ლარის ოდენობის თანხის არამიზნობრივ ხარჯვას.
„შემიძლია გითხრათ, რომ სხვა წლებზე, მათ შორის, სახელმწიფო ადმინისტრაციის ხარჯებზეც და შემდგომ პერიოდზეც მიმდინარეობს გამოძიება. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაძლოა, აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მიდის გამოძიება და შესწავლა. ამ ეტაპამდე რაც არის დადგენილი, საუბარია რვა მილიონი ლარის ესდეესის ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაზე, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღესდღეობით არის ბრალდებული“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.