ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრები.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ კამრან ალიევს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი სამართლებრივი თანამშრომლობისთვის.
როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას.
შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ეფექტიანი ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, საქართველოს, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციის და გენერალური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს, რომელიც 25-29 სექტემბერს, თბილისში იმართება.
პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი, გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან.