ირაკლი შოთაძე - არასრულწლოვანთა მიმართ განრიდების პროცედურებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხარისხი გაუმჯობესებულია
ბავშვზე მორგებული და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროკურატურის მიერ არაერთი ღონისიება გატარდა, ასევე გაუმჯობესებულია არასრულწლოვანთა მიმართ განრიდების პროცედურებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხარისხი, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის ცხრა თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
გენერალური პროკურორის თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა და არასრულწლოვანთა მიმართ გადაწყვეტილების მიღება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებშია უზრუნველყოფილი.
როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ პროკურორის მიერ პრიორიტეტულად სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები გამოიყენება, რაც ზრდის არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ეფექტიანობას მართლმსაჯულების პროცესში.
ირაკლი შოთაძემ ხაზი გაუსვა განრიდების მექანიზმის მნიშვნელობასაც, რომელიც, მისივე განმარტებით, არასრულწლოვნის საჭიროებების მაქსიმალურ გათვალისწინებას ეფუძნება.
„პროკურორები არასრულწლოვნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შეფასდება, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებაზე უკეთ განრიდება უზრუნველყოფს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა და ხაზი გაუსვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით მიღწეულ წარმატებაში პროკურორთა სპეციალიზაციის მნიშვნელობას.
პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას დეტალურად მიმოიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები: არასრულწლოვანთა განრიდებისა და სისხლისამართლებრივი დევნის რაოდენობრივი მაჩვენებელი, მოთხოვნილი პატიმრობის და პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი არასრულწლოვნებში, არასრულწლოვანთა მიმართ გამოტანილი განაჩენები.
გენერალურმა პროკურორმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სრულყოფის მიზნით 2022 წელს გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, შემუშავდა ახალი სახელმძღვანელო მითითებები, განხორციელდა მათი სისტემატიზაცია და მომზადდა კრებული, რეგიონულ დონეზე ჩატარდა შეხვედრები საოლქო და რაიონული პროკურატურის მენეჯერებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორებთან, დაინერგა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური ცენტრის კონცეფცია. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, საქართველოს პროკურატურა ჩართულია ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში.
საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის ცხრა თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფისთვის არაერთი მიმართულებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას.