ირაკლი შოთაძე არ გამორიცხავს, რომ 14 წლის გოგონას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულთა წრე გაიზარდოს
ირაკლი შოთაძე არ გამორიცხავს, რომ 14 წლის გოგონას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულთა წრე გაიზარდოს

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ საგარეჯოში 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„უდიდესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მსგავსი დანაშაული მოხდა. ჩვენი რეაგირება იყო უმკაცრესი, რაც საზოგადოებამ ნახა. ყველა პირი, მათ შორის გარდაცვლილის დედა და ბიძა, რომლებიც მონაწილეობდნენ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და სხვა ქმედებებში, მიცემული არიან პასუხისგებაში, პატიმრობაში იმყოფებიან. ჩვენი მიდგომა იქნება უმკაცრესი. მინდა, მივმართო მათ, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, პროკურატურა არის მათ გვერდით. ჩვენ უსწრაფეს რეაგირებას მოვახდენთ და ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით. ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდოს“, – განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, 14 წლის არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება წარდგენილი აქვს ხუთ პირს, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, ხოლო მოკლულის დედას და ბიძას ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე. სამივე მათგანს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ პატიმრობა; ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებული ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი.