ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა
გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორობის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის შეხვედრას ესწრებოდა.
საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრების დროს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ ირაკლი შოთაძეს ჰკითხა, ადასტურებდა თუ არა რომ „ბიძინა ივანიშვილთან გაიმართა გარკვეული თათბირი, სადაც ესწრებოდა მამუკა ხაზარაძე და თავად, მოქმედი პროკურორის რანგში“.
შოთაძის განმარტებით, შეხვედრაზე, რომელიც ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში გაიმართა, შემთხვევით მოხვდა და მას მთავარი პროკურორის სტატუსით არ ესწრებოდა.
შოთაძე ამბობს, რომ პირადად მას ივანიშვილთან ჰქონდა კერძო შეხვედრა კონკრეტულ პროექტზე, რასაც შეეძლო მართლამსაჯულების სისტემისთვის ხელი შეეწყო.
„დიახ, ვადასტურებ, ოღონდ მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. მეც ვიცი, ეს ინფორმაცია რომ გაჟღერდა, მოვისმინე არაადეკვატური პოზიციონირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. მე ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი. შემთხვევით დაემთხვა ისე, რომ იმ პერიოდში, როდესაც შეხვედრა უნდა გვქონოდა ბიძინა ივანიშვილთან, მე აღმოვჩნდი იქ, შეიქმნა უხერხულობა და მე უბრალოდ დავესწარი ამ შეხვედრას“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ამასთან, შოთაძის თქმით, მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრას მხოლოდ ესწრებოდა და შეხვედრაზე თავად რაიმე პოზიცია არ გამოუთქვამს.
შოთაძის განმარტებით, შეხვედრა მეგობრულ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და საუბარი იყო ჩხარტიშვილსა და ხაზარაძეს შორის სამოქალაქო დავაზე.
„ამ შეხვედრაზე რომ გაჟღერებულიყო რაიმე ისეთი გარემოება, მომხდარიყო ისეთი ფაქტი, რომ მივიჩნევდი, ჩემი დასწრება მიზანშეუწონელი იქნებოდა, დავტოვებდი ამ შეხვედრას. ეს შეხვედრა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდობიან, მეგობრულ გარემოში, საუბარი იყო კონკრეტული დავის საგანზე, სამოქალაქო დავაზე. არანაირი სტატუსით არ ვესწრებოდი ამ შეხვედრას და საერთოდ არ უნდა დავსწრებოდი, შემთხვევით მოვხვდი ამ შეხვედრაზე, რაც დასტურდება თვითონ ხაზარაძის მონაყოლიდან, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მე იქ ხმაც არ ამომიღია, არავიზე არანაირი ზეწოლა არ განმიხორციელებია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არ მიწამებია არაადამიანურად. როგორც აღვნიშნე, შეხვედრა მიმდინაროებდა მშვიდობიან რეჟიმში, დეტალები არ მახსოვს. ერთადერთი რაც მახსოვს, ამ შეხვედრის შემდეგ ყველა მხარე იყო კმაყოფილი და მადლიერი ამ შეხვედრის გამართვის გამო“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ირაკლი შოთაძის განცხადებით, ზოგადად, ძალიან ბევრ კერძო შეხვედრას მართავდა და ამაში გასაკვირი არაფერია.
„არასამუშაო დღეს არ შეიძლება მოქმედმა პროკურორმა კერძო შეხვედრა გამართოს? ვიყავი პირად საკითხზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. იყო კერძო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გარკვეულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავდი. ძალიან ბევრ კერძო პირს ვხვდებოდი, შეიძლება ოფისში, შეიძლება გარეთ, რესტორანში. ივანიშვილს შევხვდი მის ბიზნეს ცენტრში. შეხვედრა იყო კონკრეტულ პროექტზე, რასაც შეეძლო მართლმსაჯულების სისტემისთვის ზოგადად ხელი შეეწყო, მართლმასჯულების სიტემაში იურიდიული განათლების კუთხით გარკვეული სასწავლო დაწესებულების, სასწავლო კურსების შემოღების საკითხზე“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ და აღნიშნა, რომ არავის არაფერს უთანხმებდა, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე.
„ზოგადად, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში აფინანსებს გარვეულ პროექტებს, იგივე განათლების სისტემაში და ასე შემდეგ. სწორედ ამ მიზნით იყო საუბარი, შესაძლო სამართლებრივი განათლების კუთხით, რა დადებითი ნაბიჯები შეიძლება, გადაიდგას“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ირაკლი შოთაძის თქმით, მზადაა, მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული პირების განათლების შესაძლებლობების გაზრდის საკითხზე ნებისმიერ პირს ესაუბროს.