ირაკლი შოთაძე - 51-ე სკოლასთან მკვლელობის საქმეზე სპეკულაციები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა
ირაკლი შოთაძე - 51-ე სკოლასთან მკვლელობის საქმეზე სპეკულაციები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე გარკვეული სპეკულაციები ისმის. თუმცა, მთავარი პროკურორის ცნობით, გამოძიებით დადგენილი გარემოებები სხვა რეალობაა და საზოგადოებამ მოთმინება უნდა გამოიჩინოს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს საქმე სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებულია. ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარებულია. ამ საქმეზე კონკრეტული ბრალდებულები არსებობენ, რომელთაც ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ჩადენაში ედებათ. შესაბამისად, არსებითი განხილვა მიმდინარეობს და რაიმე სპეკულაციებზე საუბარი, თითქოს ეს საქმე გამოუძიებელია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ასევე, არის მცდელობა, მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს.

ინციდენტში მართლაც ბევრი არასრულწლოვანი მონაწილეობდა. ამ საქმეზე ვინც უნდა დაკითხულიყო, ყველა დაკითხულია. ყველა ექსპერტიზა, რაც უნდა ჩატარებულიყო, ჩატარებულია და ნაწილი ჩატარების ეტაპზეა, ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოზე წარდგენილი იქნება.

ამ მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით ორი პირი გამოიკვეთა, რომლებმაც სავარაუდოდ, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჩაიდინეს.

აქ დანაშაული კონკრეტული პირების მიმართ მკვლელობის შესაძლო ჩადენაში მდგომარეობს და არა ინციდენტში მონაწილეობაში. ორი დანაა ამოღებული, ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ეს ორივე დანა მკვლელობის იარაღია, ვინაიდან ამ დანებზე მოკლულების შესაბამისი გენეტიკური პროფილია დადგენილი.

მესმის ეს სპეკულაციები, ეს დაცვის ტაქტიკაა, მაგრამ გამოძიებით დადგენილი გარემოებები სხვა რეალობაა და საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ მოთმინება გამოიჩინოს.

სასამართლოს განხილვას და ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ. მე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მკვლელობა გასული წლის დეკემბერში მოხდა. მკვლელობას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. მკვლელობის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო დახურულ რეჟიმში განიხილავს.