ირაკლი შოთაძე - 30 დღეში 600-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 30 დღის განმავლობაში 600-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.
ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
კომისიის სხდომაზე დეპუტატი ელენე ხოშტარია დაინტერესდა, ისევ ფიქრობს, თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს.
„გავლილი მქონდა შესაბამის პროკურორებთან, რომ ჩატარებული იყო ყველა შესაძლებელი საჭირო საგამოძიებო მოქმედება, 30 დღეში ჩატარებულია 600-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. მე რომ წავიკითხო ეს სისხლის სამართლის საქმე, ან ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმე, იმდენი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება შეიძლება თავში მომივიდეს, ამაზე ახლა არ დავიწყებ საუბარს. გეუბნებით, რომ ჩემთვის ჩემი პროკურორების მოსაზრება, შეფასება სისხლის სამართლის საქმისა, რასაც ისინი მე მაწოდებენ და რასაც მე შემდეგ საჯაროდ ვაჟღერებდი, სანდო და მისაღებია დღესაც”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.