ირაკლი შიოლაშვილი - მხარს არ ვუჭერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, მზად ვარ, ამ საკითხის სანაცვლოდ დავტოვო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ მანდატიც
ირაკლი შიოლაშვილი - მხარს არ ვუჭერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, მზად ვარ, ამ საკითხის სანაცვლოდ დავტოვო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ მანდატიც

მხარს არ ვუჭერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, მზად ვარ, ამ საკითხის სანაცვლოდ დავტოვო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ საკუთარი მანდატიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი შიოლაშვილმა აღნიშნა, საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს მთავარი კითხვა იყო, რატომ ართმევდნენ მოსახლეობას პირდაპირი არჩევანის საშუალებას, რატომ არ უნდა ჰყოლოდათ თავიანთი მაჟორიტარი.

„მხარს არ ვუჭერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, არის მეორე სახის კითხვაც – მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რამდენად იქნება გარანტი ქვეყნის სტაბილურობის? ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რაც არასტაბილურობაში გადადის. ვშიშობ, ჩვენს ქვეყანას არ შეექმნას არასტაბილურობის პრობლემა. მხარს არ დავუჭერ ამ გადაწყვეტილებას. პრინციპული ხაზია და მზად ვარ, ამ საკითხის სანაცვლოდ დავტოვო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ საკუთარი მანდატი. თუ ჩვენს მოსაზრებებს არ გაითვალისწინებენ და იქნება გარკვეული ზეწოლა, მზად ვართ, გადაწყვეტილება მანდატის დატოვებაზე მივიღოთ“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე დღეს დაიწყო. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.  ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტში  კენჭისყრაზე ჩავარდა.

რაც შეეხება უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტს, სხდომაზე მცხეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მოითხოვა, მმართველი გუნდის მომზადებული პროექტის განხილვამდე უმრავლესობის სხდომა გამართულიყო, რადგან, მისივე თქმით, კითხვები ჰქონდა. ამასთან, ხუნდაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაც არ გამორიცხა.

საკითხზე უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართა, რომელიც უკვე დასრულდა.