ირაკლი შიოლაშვილი - კანონპროექტი ჩემთვის წითელი ხაზია, თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მე დავტოვებ უმრავლესობას
კანონპროექტი ჩემთვის წითელი ხაზია, თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მე დავტოვებ უმრავლესობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მაჟორიტარ დეპუტატების სურვილი იყო საკითხი სარეიტინგო კენჭისყრაზე გასულიყო, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მათ ამის საშუალება არ მისცათ.
„იმ რისკების თაობაზე ვისაუბრეთ, რაც შეიძლება ქვეყანას მომავალში დაუდგეს 2020 წლიდან 2024 წლამდე. აბსოლუტურად ღია იყო საუბარი. არ დაგიმალავთ, რომ საკმაოდ მძიმე საუბარი იყო. ვითხოვდით, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე დამდგარიყო ეს საკითხი და უმრავლესობას აქვე გამოეხატა თავისი პოზიცია. საკმაოდ ბევრი დეპუტატი არის ჩვენს აზრზე და მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის სტაბილურობას ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენებს. აქედან გადავინაცვლებთ პარლამენტში, ამ რეჟიმში ვაგრძელებთ ჩვენს კოლეგებთან მუშაობას. ეს არის ჩემთვის პრინციპული საკითხი. ეს არის ჩემთვის წითელი ხაზი და იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მაინც ამ კანონპროექტს, მე დავტოვებ უმრავლესობას.
ჩვენ გვინდოდა, უმრავლესობის ამ სხდომაზე ნათლად გამოჩენილიყო, რამდენია ისეთი დეპუტატი, რომელიც ფიქრობს ჩვენნაირად და დამდგარიყო ეს სარეიტინგო კენჭისყრაზე, მაგრამ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგცა ამის საშუალება“, – განაცხადა ირაკლი შოლაშვილმა.