ირაკლი სესიაშვილი - ვფიქრობ, დავით ჭიჭინაძე მიზანმიმართულად ცდილობდა გუნდიდან გასვლას
ირაკლი სესიაშვილი - ვფიქრობ, დავით ჭიჭინაძე მიზანმიმართულად ცდილობდა გუნდიდან გასვლას

ყოველგვარი პირადი დამოკიდებულების გარეშე, ვფიქრობ, დავით ჭიჭინაძე მიზანმიმართულად ცდილობდა გუნდიდან გასვლას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, დავით ჭიჭინაძის განცხადებები რიგ შემთხვევაში ცდებოდა შიდაპარტიულ დისციპლინას.

„არავის უნდა გაუჩნდეს იმის თუნდაც მცირედი ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის ეშინია. მიმაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია არა არგუმენტებით, არამედ ძირითადად ტყუილზე დაფუძნებული შავი პიარით ცდილობს პოლიტიკურ პაექრობას, გუნდის შიგნით კონკრეტულ საკითხებზე განსხვავებული აზრი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დავით ჭიჭინაძეს, ყოველგვარი პირადი დამოკიდებულების გარეშე, ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად ცდილობდა გუნდიდან გასვლას. რიგ შემთხვევებში მისი საჯარო განცხადებები სცდებოდა ელემენტარულ შიდაპარტიულ დისციპლინას, რაც ყველას მოგვეთხოვება და ისე ჩანდა, რომ ითხოვდა გარიცხვას. მეც მქონია შემთხვევა, როდესაც საერთო გუნდის იმ მცირე ნაწილში მოვხვედრილვარ, რომელსაც გარკვეული გადაწყვეტილება არ მოსწონებია, თუმცა როცა გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, შესაძლოა, უფრო პრაგმატული მიდგომა ჰქონდეს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, დავით ჭიჭინაძე აკეთებდა ისეთ განცხადებებს, თითქოს მისი სიმართლე იყო ჭეშმარიტება და დანარჩენი გუნდი არასწორ გზაზე იდგა.

რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მისი მკვეთრი განცხადება გადაჭარბებული იყო.

„გედევან ფოფხაძე დიდი ხანია ვიცნობ და ემოციური ხასიათის შესახებაც ვიცი. ვფიქრობ, მისი მკვეთრი განცხადება გადაჭარბებული იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ღირებულებები გვაერთიანებს, ვფიქრობ, გედევან ფოფხაძესთან ერთად საერთო პოზიციების შეჯერება არ გაგვიჭირდება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.