ირაკლი სესიაშვილი - როგორც სააკაშვილის ხელისუფლება შეიჭრა 7 ნოემბერს „იმედში“, სურთ, ასეთი პარალელის აღქმა გააჩინონ
ირაკლი სესიაშვილი - როგორც სააკაშვილის ხელისუფლება შეიჭრა 7 ნოემბერს „იმედში“, სურთ, ასეთი პარალელის აღქმა გააჩინონ

ნიკა გვარამია არის პოლიტიკური მხარე. ეს საზოგადოებამ კარგად იცის. მისი დღევანდელი განცხადებაც ჩვეულებრივი პროვოკაციული პოლიტიკური მიზნების ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ხვალინდელი დღეც დადგება. თავისთავად ყველას აქვს სწორი აღქმა, რომ არც ერთი ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ „რუსთავი 2“-ს ხელს არ მოკიდებს. „რუსთავი 2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში, ის გამოიყენება იმ მიზნებისთვის, რაც მათ პოლიტიკურ ინტერესებში ჯდება. ეს ჩვენ გუშინწინ ვნახეთ, როდესაც მელია მოუწოდებდა მომიტინგეებს პარლამენტში შეჭრისკენ. აი ეს ხელი არის „რუსთავი 2“-ში, ეს ხელი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამ ხელს სამწუხაროდ სხვა პოლიტიკური ინტერესებიც სდევს თან. ეს, მგონი, საზოგადოებისთვის რთულად არ არის აღსაქმელი, თუმცა თავისთავად ცხადია, მე ამას არ მინდა, გავექცე და მოგახსენოთ თითოეული ჩვენგანის, „ქართული ოცნების“ გულისტივილი იმ მძიმე საღამოს გამო. ძალიან მტკივნეული ღამე გვქონდა თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს ქვეყანას, იმდენად, რამდენადაც ჩვენში არ ზის ის მძიმე შედეგები, რაც დადგა“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ყველაზე მეტად მისი ზრუნვის საგანია ის ადამიანები, რომლებიც დღეს მკურნალობენ, მათ შორის რიგითი მოქალაქეები, პოლიციელები და ჟურნალისტები.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს პოზიტიური. თქვენ თუ დააკვირდებით იმ პროპაგანდას, რომელსაც „რუსთავი 2“ ეწევა, რაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი, ეს ყველაფერი მიზანმიმართულია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორმე მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. ძალიან კარგად იციან, რომ მათი მმართველობა იყო აბსოლუტურად მიუღებელი და არადემოკრატიული. მათ სურთ, რომ როგორმე გააიგივონ „ქართული ოცნება“ თავიანთ ცხოვრებასთან და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში 7 ნოემბრის ერთგვარი პარალელის გავლება სურთ. როგორც სააკაშვილის ხელისუფლება 7 ნოემბერს გადავიდა და „იმედში“ შეიჭრა, სურთ, რომ ასეთი პარალელის აღქმა გააჩინონ საზოგადოებაში. ამიტომ ეს არის მათი პოლიტიკური ინტერესი და რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არ არის თანხვედრაში რეალობასთან“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ნიკა გვარამიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სახელისუფლო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ.